პრემიერ-მინისტრს ბრიუსელში ძალიან წარმატებული ვიზიტი ჰქონდა

პრემიერ-მინისტრს ბრიუსელში ძალიან წარმატებული ვიზიტი ჰქონდა

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი პრემიერ-მინისტრის ბრიუსელში ვიზიტს წარმატებულად აფასებს.

როგორც ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა, ირაკლი ღარიბაშვილს ძალიან კარგი გამოსვლა ჰქონდა.

"გარდა იმისა, რომ გაკეთდა მართლაც ძალიან კარგი განცხადებები ევროპელი ლიდერების მხრიდან, ძალიან კარგი გამოსვლა ჰქონდა პრემიერ-მინისტრს, ვიზიტი იყო ძალიან წარმატებული. ქართველი ხალხის არჩევანია ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ჩვენ ამ პროცესში ვცდილობთ მაქსიმალურად დავაჩქაროთ ტემპები, რაშიც, იმედი გვაქვს, ჩვენი ევროპელი კოლეგები მხარს დაგვიჭერენ და ხელს შეგვიწყობენ. ამიტომ ამ ვიზიტის შემდგომ ჩვენი ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება და რაც მთავარია, ეს ყველაფერი მიმართული იქნება არა უბრალოდ ძლიერი პარტნიორობისკენ, არამედ წევრობისკენ", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში იმყოფება, სადაც იგი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების საბჭოს პირველ შეხვედრაში მონაწილეობდა. ირაკლი ღარიბაშვილი ასევე ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდა.