თორდიას ინფორმაციით,

თორდიას ინფორმაციით, "დელტაში" დარღვევები ფიქსირდება, თუმცა ეს ირაკლი ალასანიას მინისტრობის პერიოდს არ უკავშირდება

გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია ადასტურებს, რომ თავდაცვის სამინისტროს ფინანსური საქმიანობის შემოწმებისას სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დარღვევები "დელტაშიც" აღმოაჩინა, თუმცა აღნიშნავს, რომ ეს 2013 წელს, ირაკლი ალასანიას მინისტრობის პერიოდს არ უკავშირდება.

"ჩვენ თავდაცვის სამინისტროში შევამოწმეთ "დელტა", ლოჯისტიკისა და ფინანსების დეპარტამენტი, შევედით კვების კომპანიაში, თუმცა იქ მთავარი პროკურატურის მიერ მასალები უკვე ამოღებული იყო და შესაბამისად, უარი ვთქვით ამ კონკრეტულ შემთხევაში დასკვნის გაცემაზე. რაც შეეხება უშუალოდ "დელტას", იქაც ფიქსირდება დარღვევები, თუმცა ეს არ შეეხება 2013 წლის პერიოდს. როგორც იცით, "დელტა" 2013 წლის დასაწყიასში ეკონონიკის სამინისტროს გადაეცა", - განაცხადა ლაშა თორდიამ ჟურნალისტებთან დღევანდელ შეხვედრაზე.

რაც შეეხება საბურავების, აკუმულატორებისა და სხვა ავტონაწილების შესყიდვას, რაც გავრცელებული ინფორმაციით, დანაშაულის ნიშნებს ასევე შეიცავს, თორდიას განმარტებით, ეს შესყიდვა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესწავლის საგანი არ ყოფილა.

"ჩვენ ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ვფლობთ. შესაძლებელია წელს ავტონაწილებთან დაკავშირებული შესყიდვა განხორციელდა, თუმცა ჩვენ ეს საკითხი არ შეგვისწავლია. სახელმწიფო აუდიტის სამსახური 2011, 2012 და 2013 წლებს სწავლობს", - აღნიშნა თორდიამ.