სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში", მოსამართლეთა სოციალური დაცვის გარანტიების დახვეწის საკითხზე მსჯელობენ.
როგორც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, კონსტანტინე კუბლაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს იკრიბებიან ის მოსამართლეები და ადამიანები, რომლებიც დაკავებულები არიან მოსამართლეთა სოციალური პირობების გაუმჯობესების საკითხებით. მისივე თქმით, შეხვედრაზე იმყოფებიან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები და მოსამართლეთა ასოციაციის წარმომადგენლები, რომლებიც თავიანთ პროექტებს წარმოადგენენ, თუ რა კუთხით შეიძლება გაუმჯობესდეს მოსამართლეთა სოციალური პირობები.
"პირველ რიგში ეს ეხება სამსახურის შემდეგ მათი კომპენსაციის საკითხს. 10 წელი რომ იმსახურა მოსამართლემ, ვთქვათ, რამდენი უნდა ჰქონდეს მას კომპენსაცია, ანუ პენსია. ამაზე ბევრი სხვადასხვა პროექტი არის და ჩვენ ვცდილობთ ეს პროექტები შევაჯეროთ და უფრო რეალობასთან დაახლოებული ერთი პროექტით მივმართოთ მთავრობას, რათა მათ გაითვალისწინონ ეს ყველაფერი და ბიუჯეტში უკვე აისახოს მოსამართლეებისთვის ეს პირობები", - განაცხადა კუბლაშვილმა.
კითხვაზე, რა ვადებში იგეგმება ამის განხორციელება, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ახლა იგეგმება, რადგან ბიუჯეტი, ფაქტობრივად ახლა განისაზღვრება მომავალი წლისთვის. როგორც კუბლაშვილმა აღნიშნა, უკვე რამდენიმე განხილვა გაიმართა და ცდილობენ დეტალებზე ჩამოყალიბდნენ.