ნატო-ს საწვრთნელი ბაზა ძალიან მნიშვნელოვანი საშუალებაა ჩვენი თავდაცვითი შესაძლებლობების გაზრდისთვის

ნატო-ს საწვრთნელი ბაზა ძალიან მნიშვნელოვანი საშუალებაა ჩვენი თავდაცვითი შესაძლებლობების გაზრდისთვის

ნატო-ს საწვრთნელი ბაზა არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საშუალება იმისათვის, რომ ჩვენი თავდაცვითი შესაძლებლობები გავზარდოთ , - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა ნატო-ს საწთვრნელი ცენტრის საქართველოში ჩამოყალიბების საკითხის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ჩვენი სახელმწიფო მზად არის თავის თავზე აიღოს ყველა ის ვალდებულება, რაც საჭიროა გაძლიერებული პარტნიორობის პაკეტის ფარგლებში.

"მაშინ როდესაც ჩვენ ვამზადებდით გაძლიერებული პარტნიორობის პაკეტს, ამ ფორმატის მთავარი მიზანი იყო ჩვენი თავდაცვითი შესაძლებობების მხარდაჭერა, ზრდა. სწორედ ამ მიზნით, ამ პაკეტში დაიწერა ყველა ის ღონისძიება, რაც ხელს შეუწყობდა ჩვენი თავდაცვისუნარიანობის გაზრდას. შესაბამისად, ეს კომპონენტი, ანუ საწვრთნელი ბაზა არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საშუალება, იმისათვის, რომ ჩვენი თავდაცვითი შესაძლებობები გავზარდოთ, ამიტომ თავისთავად ცხადია, ჩვენ ამას მივესალმებით. ჩვენი სახელმწიფო მზად არის ყოველმხრივ ნაბიჯი გადადგას და თავისთავზე აიღოს ყველა ის ვალდებულება, რაც საჭიროა ამ პაკეტის ფარგლებში. ეს ის პაკეტია, სადაც ვალდებულებები აკისრია ორივე მხარეს. ჩვენ ამას მივესალმებით, მზად ვართ მაქსიმალურად დავაჩქაროთ მისი იმპლემენტაცია", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

მისივე მოსაზრებით, გადამეტებულია ის განცხადებები, რომელიც ნატო-ს ბაზის გახსნასთან დაკავშირებით ე.წ. რისკებს უკავშირდება.

"ჩვენ ყოველდღიურად ჩვენს სამხედრო მოსამსახურეებს ვწვრთნით, ვატარებთ ტრენინგებს, ვატარებთ სხვადასხვა სწავლებებს, ამიტომ ჩვეულებრივად ეს პროცესი გაგრძელდება. აქამდეც ვახდენდით ჩვენი სამხედროების მომზადებას ნატოელ ექსპერტებთან ერთად. მომავალშიც გავარგძელებთ, უბრალოდ ამ ყველაფერს ექნება უფრო მკაფიო ფორმა, რაც მიზანმიმართული იქნება ჩვენი ქვეყნის ნატო-ში ინტეგრაციისკენ", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უელსში მიღებულ პაკეტზე მუშაობა გაგრძელდება.

"ჩვენ მივესალმებით საქართველოს ერთგულებას ამ კურსისადმი, რომ გააგრძელოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი. ჩვენ ვაპირებთ, გავაგრძელოთ მუშაობა იმ პაკეტზე, რომელზეც შევთანხმდით უელსში. ეს გახლავთ პაკეტი, რომელიც გააძლიერებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობას. ეს გახლავთ ერთობლივი წვრთნები, ნატო-საქართველოს საწვრთნელი ცენტრის შექმნა. ამას ვაკეთებთ, რადგან საქართველოს სუვერენიტეტს პატივს ვცემთ. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, ჩამოყალიბდეს საწვრთნელი ცენტრი და ის ჩამოყალიბდება", - აღნიშნა სტოლტენბერგმა.