"ალექსი პეტრიაშვილს უნდა ჰკითხოთ, რას გულისხმობდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეზე ძალადობაში"

როგორც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კონსტანტინე კუბლაშვილმა განაცხადა, მას ალექსი პეტრიაშვილთან ურთიერთობა არასდროს ჰქონია.

ასე უპასუხა კონსტანტინე კუბლაშვილმა ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას, რომელიც ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრის ალექსი პეტრიაშვილის მიერ „ფეისბუქზე“ დაწერილ ერთ-ერთ პოსტს ეხებოდა.

„ალექსი პეტრიაშვილს უნდა ჰკითხოთ, თუ რას გულისხმობდა. მე მასთან საერთოდ არ მქონია არასდროს ურთიერთობა გარდა იმისა, რომ საერთაშორისო კონფერენციაზე შევხვდი ერთხელ. ეს იყო და ეს. ასე რომ, რა იდო მის სიტყვებში, მან უკეთ იცის. დააზუსტებინეთ და შემდეგ იქნებ მეც გავიხსენო“, - განაცხადა კუბლაშვილმა.

"მიხეილ სააკაშვილი ამბობდა თავისუფალი დემოკრატები რუს ოლიგარქს ლობირებენ და კრემლის პროექტის ნაწილი არიანო, ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს - "ნაციონალებს" ლობირებენო!

ჩვენ, თავისუფალი დემოკრატები ვლობირებდით საქართველოს, საქართველოს ხალხის ევროპულ და ევროატლანტიკურ არჩევანს! ამას ნამდვილად ვადასტურებთ! ამას ჩვენი საქმეებიც ადასტურებენ! აი, თქვენ კი ლობირებდით ზურა ადეიშვილს და მეგისი ქარდავას, გიორგი ბადაშვილს და ირაკლი შოთაძეს და მათ საგმირო საქმეებს შესაბამისად, თქვენ თქვენი მმართველობის პერიოდში!

ეგრე გააგრძელეთ ბატონო პრემიერ-მინისტრო და ბოლოსდაბოლოს გაიგებს ალბათ, საერთაშორისო თანამეგობრობა, ვინ იძალადა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეზე", - წერდა პეტრიაშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.