ბიუჯეტის მიმართ ჩემი მიდგომა არის ციფრები

ბიუჯეტის მიმართ ჩემი მიდგომა არის ციფრები

ციფრები როგორც პარლამენტის წევრის და ასევე კომიტეტის თავმჯდომარის პოზიცია, 2015 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკაშირებით ერთმანეთისგან განსხვავებული არ არის, - ასე უპასუხა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით ონოფრიშვილმა ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან დასმულ შეკითხვას.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმცირესობა დაინტერესდა იმით, თუ როგორი ხედვა აქვს ონოფრიშვილს, როგორც უმრავლესობიდან გასულ დეპუტატს, მთავრობის მიერ წარდგენილ საბიუჯეტო პროექტზე.

დავით ონოფრიშვილს "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა გამოსვლის ტონიც დაუწუნეს და როგორც მათი მხრიდან აღინიშნა, მისგან "კრიტიკის მეტ ნაპერწკალს ელოდნენ".

ოპოზიციონერი კოლეგების შეფასება დავით ონოფრიშვილმა არ გაიზიარა. "ჩემი პოზიცია, როგორც პარლამენტარის და კომიტეტის თავმჯდომარის, ამ მომენტში დიდად განსხვავებული არ არის. პროცესში თავიდანვე ვართ ჩართული. ვუყურებთ პროცესის დინამიკას. ჩემი მიდგომა ბიუჯეტის მიმართ არის ციფრები, რომელიც იყო 2012-2013 წლის ბიუჯეტში, რომელიც არის 2014 წელს და რაც იქნება 2015 წლის ბიუჯეტში. ამ დინამიკიდან გამომდინარე, შემიძლია გითხრათ ის, რაც არის პოზიტივი და ასევე დავაფიქსირო ის შენიშვნები და რეკომენდაციები, რაც კომიტეტის მხრიდან მაშინაც იწერებოდა, როცა ოპოზიციაში არ ვიყავი", - განაცხადა დავით ონოფრიშვილმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საპასუხოდ.

დავით ონოფრიშვილი პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატია. "თავისუფალი დემოკრატების" სხვა წარმომადგენლებთან ერთად იმავდროულად ის რჩება საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე. მან პლენარულ სხდომაზე დეპუტატებს ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით კომიტეტის დასკვნა გააცნო.