ადვოკატები კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმეზე საგამოძიებო მასალებს ეცნობიან

ადვოკატები კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმეზე საგამოძიებო მასალებს ეცნობიან

ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმეზე საგამოძიებო მასალების ბოლო ორი ტომის გაცნობის მიზნით, ზურაბ კიწმარიშვილი და ადვოკატები თბილისის პროკურატურაში იმყოფებიან.

როგორც ეროსი კიწმარიშვილის ძმამ ზურაბ კიწმარიშვილმა პროკურატურაში შესვლამდე განაცხადა, ოჯახის პოზიცია ამ დრომდე ის არის, რომ კიწმარიშვილი თვითმკვლელობის შედეგად არ გარდაცვლილა და საქმე გვაქვს დანაშაულთან. ზურაბ კიწმარიშვილის თქმით, ამ დრომდე რჩება პასუხგაუცემელი კითხვები და აქამდე გაცნობილი მტკიცებულებების შედეგად მან ვერ ნახა ვერაფერი, რომელიც თვითმკვლელობის ვერსიას გაამყარებდა.

"ვერ ვნახე მტკიცებულება იმ ვერსიის გასამყარებლად, რომელზეც ამ ხნის განმავლობაში გამოძიება მიმდინარეობს. თუმცა, ვერ ვნახე ასევე უეჭველი გარემოება იმისა, რომ აქ დანაშაულია ჩადენილი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ შუალედური პოზიცია მაქვს, ვრჩები ჩემს ვერსიაზე. ეს უფრო ლოგიკურია", - განაცხადა ზურაბ კიწმარიშვილმა.

მისი თქმით, მტკიცებულებების გაცნობის პარალელურად დაზარალებული მხარე ხელით იწერს მისთვის საინტერესო დეტალებს. საბოლოოდ, მასალების გაცნობის შემდეგ კი, გარდაცვლილის ოჯახი საკუთარ სამართლებრივი ანალიზს საზოგადოებას გააცნობს. კიწმარიშვილის ოჯახის ადვოკატის გაგი მოსიაშვილის განცხადებით, შვიდტომიანი საქმიდან დარჩენილია ბოლო ორი ტომი, რომელსაც დაზარალებული მხარე გაეცნობა.

რაც შეეხება სამართლებრივი ანალიზის გამოქვეყნებას, ადვოკატის თქმით, ეს მოხდება მას შემდეგ, რაც პროკურატურა ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმეზე პირველად საგამოძიებო ვერსიას ოფიციალურად წარადგენს.

გარდაცვლილის ოჯახი და ადვოკატები აცხადებენ, რომ პროკურატურის მიერ ვერსიის გამოქვეყნების შემდეგ, მათ ექნებათ საკმაოდ კრიტიკული ანალიზი და საკუთარ პოზიციას გაანცობენ საზოგადოებას.