"პრეზიდენტი პარლამენტში მოვიდა იმის გამო, რომ ქვეყანაში რთული ვითარებაა შექმნილი“

როგორც საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა, აუცილებელი იყო, რომ გიორგი მარგველშვილის გამოსვლის ირგვლივ ოპოზიციას პოზიციის დაფიქსირების საშუალება მისცემოდა.

"ჩვენ ვიმყოფებით საქართველოს პარლამენტში, სადაც წყდება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხი. საქართველოს პარლამენტი განსაზღვრავს ყველა მიმართულებით პოლიტიკას ქვეყნის. პრეზიდენტი დღეს არაფრის მოსალოცად არ იყო მოსული, რაზეც რატომღაც პარლამენტის თავმჯდომარემ ილაპარაკა. ჩვენ ხომ კარგად ვიცით, ჭურში არ ვსხდევართ, რომ ის მოვიდა  იმის გამო, რომ ქვეყანაში რთული ვითარებაა შექმნილი. მან ეს თავის გამოსვლაში აღნიშნა და ნათელი იყო, რომ პრობლემებზე ისაუბრებდა და აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ პრეზიდენტის გამოსვლის ირგვლივ აუცილებელი საზოგადოებამ გაიგოს, ამა თუ იმ საკითხზე ვის რა პოზიცია აქვს. ნორმალურ ცივილიზებულ ქვეყანაში ასეთი გამოსვლა არ რჩება იმ საშუალების გარეშე, რომ მთავრობის ოპონენტებმა გამოხატონ თავისი პოზიცია. ეს ჩვეულებრივი დემოკრატიული პროცედურაა. რამდენიმე დღის განმავლობაში დაჟინებით მოვითხოვდით, რომ ოპოზიციას მისცემოდა საშუალება, თავისი აზრი გამოეხატა. ეს არის ანბანი“, - განაცხადა ბარამიძემ.

მისივე თქმით, პრეზიდენტმა საკმაოდ მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრა.

„მან თქვა, რომ ქვეყანაში სახელმწიფო ინსტიტუტები პიროვნებებს არ უნდა ემსახურებოდეს, ის უნდა ემსახურებოდეს ხალხს, ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებს. ეს სერიოზული პრობლემაა. მეორე - მან აღნიშნა, რომ პროკურატურის დაქვემდებარების საკითხი გადასაწყვეტია. დღეს პროკურატურა საერთოდ გამოსულია პარლამენტის - ხალხის მიერ არჩეული ორგანოს კონტროლიდან  და ამიტომაცაა გადაქცეული არაფორმალური მმართველის - ოლიგარქის სადამსჯელო პოლიტიკური შურისძიების ორგანოდ“, - განაცხადა ბარამიძემ.