აუდიტის სამსახური თავდაცვის უწყების შემოწმების მასალებს პარლამენტს რამდენიმე დღეში გადაუგზავნის

აუდიტის სამსახური თავდაცვის უწყების შემოწმების მასალებს პარლამენტს რამდენიმე დღეში გადაუგზავნის

სახელმწიფო აუდიტის სამსახური თავდაცვის სამინისტროში განხორციელებული შემოწმების მასალებს პარლამენტს რამდენიმე დღეში გადაუგზავნის , - ამის შესახებ ჟურნალისტებს გენერალურმა აუდიტორმა ლაშა თორდიამ განუცხადა.

"ის მასალები, რომლებიც ჩვენს მიერ უკვე არის გადაგზავნილი მთავარ პროკურატურაში და რომელიც, ჩვენი აზრით, შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, რა თქმა უნდა, პარლამენტის მოთხოვნის შესაბამისად გადაეგზავნება თავდაცვის და უშიშროების კომიტეტს, ასევე ნდობის ჯგუფს", - განაცხადა თორდიამ.

მისივე განმარტებით, აუდიტის სამსახურის მასალები არ შეეხება ე.წ. კაბელებისა და სამხედროების კვებასთან დაკავშირებულ საქმეებს.

"ის მასალები, რომლებიც ჩვენ გაგვაჩნია, არ უკავშირდება "სილქნეტთან" დაკავშირებულ შესყიდვას და არც კვებასთან დაკავშირებულ საკითხს ანუ იმ თემებს, რომლებზეც საუბარი იყო მთავარი პროკურატურის მხრიდან. ჩვენ გვაქვს მასალები, რომლებიც უკავშირდება სხვა ტიპის შესყიდვებს, რაზეც ინფორმაციას მივაწვდით ნდობის ჯგუფს", - აღნიშნა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსმა.

აუდიტის სამსახური თავდაცვის სამინისტროში 2013 წლის ზაფხულიდან მუშაობს. ის უწყების მიერ 2011, 2012 და 2013 წლებში განხორციელებული სამუშაოების საკითხს სწავლობს.

აუდიტის სამსახურს თავდაცვის სამინისტროში განხორციელებული შემოწმების შედეგად არსებული მასალების პარლამენტისთვის გადაგზავნა დღეს

უმრავლესობის ლიდერმა, დავით საგანელიძემ სთხოვა.

როგორც საგანელიძემ პლენარულ სხდომაზე განაცხდა, თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებით, ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენების გამო, მნიშვნელოვანია აუდიტის სამსახურმა და პროკურატურამ პარლამენტში შესაბამისი ანგარიში წარმოადგინოს.

,,მივმართავ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, ის მასალები რომელიც მათ გააჩნიათ თავდაცვასთან დაკავშირებით, პარლამენტს წამოუდგინონ ანგარიშის სახით, რადგან ზოგიერთი ჯგუფი ამბობს, თითქოს თავდაცვასთან დაკავშირებით ეს არის პროკურატურის მხრიდან ცალმხრივად წარმოებული საქმე. ასევე ნდობის ჯგუფის წევრის სტატუსით მივმართავ მათ, რომ ეს მასალები გამოვითხოვოთ,"-განაცხადა საგანელიძემ პლენარულ სხდომაზე.