ერთხელ და სამუდამოდ, შევაჩეროთ ივანიშვილი

ერთხელ და სამუდამოდ, შევაჩეროთ ივანიშვილი

მთელმა საქართველომ უნდა თქვას, რომ საქართველო არ არის ივანიშვილი, - ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოსათვის დღეს არის გადამწყვეტი დრო - რუსეთმა გამოაცხადა აფხაზეთის ანექსიის გეგმა, რუსეთმა გამოაცხადა ცხინვალის მიტაცების გეგმა.

"ოსეთის პირით არის გამოცხადებული, რომ თრუსოს ხეობას უნდა დაესხნენ თავს და ეს განზრახვა არის გახმოვანებული. დაღესტნიდან კახეთში გაყავთ სიკვდილის გზა, რომელიც მიზნად ისახავს არა მარტო საქართველოს, არამედ აზერბაიჯანის და ამიერკავკასიის დამორჩილებას. რას აკეთებს საქართველოს მთავრობა? ქვეყნის მთავრობა დაკავებულია ოპოზიციაზე თავდასხმით, ქვეყნის მთავრობა დაკავებულია პასკვილების წერით "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ. ეს მთვრობა დაკავებულია სკამებისათვის ბრძოლით და გაუთავებელი ინტრიგებით თავის გუნდში. რუსეთი ისე სპობს საქართველოს დამოუკიდებლობას, რომ მსოფლიო საზოგადოებას ჩვენ მთავრობა არაფერს არ ეუბნება, პროტესტს არ აცხადებს, რადაგან ეს არის ივანიშვილის დოქტრინის წინააღმდეგ, საქართველო არ უნდა იქცეს დაპირისპირების საგნად დასავლეთსა და რუსეთს შორის", - განაცხადა წიკლაურმა.

მისივე თქმით, "ნაციონალურმა მოძრაობამ" არაერთხელ გააფრთხილა ივანიშვილის გუნდი შეეცვალა პრორუსული კურსი.

"ხალხი უნდა გამოვიდეს ქვეყნის ინტერესების დასაცავად ხალხს აქვს უფლებაც და მოვალეობაც მაშინ, როდესაც მმართველი სამარცხვინოდ დუმს და წარმოდგენა არ აქვს ისტორიულ წარსულზე. ისტორიული სირცხვილია, როდესაც ივანიშვილის ამბობს, რომ საქართველო არის სოფელი. თუ საქართველო პატარა სოფელია, მას არ სჭირდება საგარეო პოლიტიკა, მას არ აქვს უფლება ხმა ამოიღოს, თუ საქართველო პატარა სოფელია, მას მომავალი არ აქვს - ეს უპირისპირება ჩვენი თაობების ბრძოლას. 15 ნოემბერს მთელ მსოფლიოს უნდა დავანახოთ, რომ საქართველო არ არის პატარა სოფელი, არის დიდი წარსულის ქვეყანა, ვიდრე რომელიმე რუს ოლიგარქს წარმოუდგენია. მთელმა საქართველომ უნდა თქვას, რომ საქართველო არ არის ივანიშვილი, არამედ საქართველო არის ქართველი ხალხი, როდესაც მისი ხელისუფლება ყიდის ქვეყნის ინტერესებს, იწყება გადამწყვეტი ბროლა საქართველოსთვის. ერთად გავაპროტესტოთ ხელისუფლების გამყიდველობა და ერთხელ და სამუდამოდ, შევაჩეროთ ივანიშვილი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში რუსეთიდან არის მოვლენილი", - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.