"ჩვენ შევძელით შეგვექმნა ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც შეძლო საზოგადოებაში ნიჰილიზმი დაემარცხებინა“

ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარემ ირაკლი ჩიქოვანმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ ისინი ქვეყნის მომავლისთვის მუშაობას აგრძელებენ.

"მე და ჩემმა მეგობრებმა გადავწყვიტეთ მოგვემართა ყველასთვის იმიტომ, რომ დღეს ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება. ეს პირველი სხდომაა, როდესაც „თავისუფალი დემოკრატები“ ვტოვებთ უმრავლესობას. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ის ბოლო 3 წელიწადი და ბევრ თქვენგანთან კიდევ უფრო მეტი, რომელიც პოლიტიკური თანამებრძოლობით იყო გამოხატული. ამ წლების განმავლობაში იყო ძალიან ბევრი პრობლემა და გვქონდა ბევრი წარმატება, საუბარი, დებატი და ეს არის ძალიან დიდი სიამაყის მომგვრელი იმიტომ, რომ თავის დროზე ჩვენ შევძელით შეგვექმნა ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც თქვენთან ერთად, შეძლო დაემარცხებინა ნიჰილიზმი, უიმედობა ჩვენს საზოგადოებაში. ჩვენ ეს გვეამაყება და ამაში თანამონაწილეობას ნამდვილად გიფასებთ და დარწმუნებული ვართ, თქვენც გვაფასებთ. ზუსტად ეს ურთიერთობა არც დღეს, არც ხვალ და არც ამის შემდეგ არ მოგვცემს იმის საშუალებას, რომ პოლიტიკური ოპონირების პირობებში გადავიდეთ ის ზღვარი, რომელიც დაკავშირებულია პიროვნულ ურთიერთობასთან და პიროვნულ პატივისცემასთან. ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის ისეთი მნიშვნელოვანი რამ, რომელიც დღეს ქართულ პოლიტიკას სჭირდება, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს პოლიტიკური ძალები, რომელთანაც არის ამოუვსებელი ნაპრალი“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

მისივე თქმით, „თავისუფალი დემოკრატებისთვის“ უმრავლესობიდან გასვლით არაფერი იცვლება იმ თვალსაზრისით, რომ ქვეყნის მომავლისთვის მუშაობას აგრძელებენ.

„გულწრფელად გეუბნებით, რომ ყველა შემთხვევასა და ვითარებაში ჩვენ ამ პრინციპების ერთგული დავრჩებით. ამ სამი წლის განმავლობაში იყო ბევრი წარმატება და პრობლემაც. სხვა თუ არაფერი, დღეს უკვე საქართველო ასოცირების ხელშეკრულების ხელმომწერი ქვეყანაა, ნატო-სთან აქვს ინტენსიური თანამშრომლობის პაკეტი; ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის შექმნილია ბევრად მეტი ეკონომიკური შესაძლებლობა. ჩვენ ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, გვიხარია და ამის განვითარებაში მივიღებთ მონაწილეობას. მზად ვიქნებით კონკრეტული წინადადებები შემოგთავაზოთ. „თავისუფალი დემოკრატების“ უმრავლესობიდან გასვლამ, შეიძლება, რიგ შემთხვევებში თქვენ გაგაკვირვოთ, მაგრამ არა, ჩვენ ეს გადაწყვეტილება მიღებული გვაქვს აბსოლუტურად შეგნებულად, ვინაიდან ის მოქმედებები, რომლებიც გატარდა კონკრეტული უწყების თუ კონკრეტული ჯგუფის მიერ, რეალურად უქმნიდა საფრთხეს თავდაცვის სამინისტროს, რომელიც წარმოაჩენდა ჩვენს ქვეყანას ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და იყო ძირითადი შემკვრელი რგოლი და ეს იყო. ჩვენ გავაგრძელებთ იმას, რომ შემოგთავაზებთ წინადადებებს და თქვენთან ერთად ვიმუშავებთ ისეთი ინსტიტუციურ ცვლილებებზე, რომელიც ქვეყანაში ძლიერი ინსტიტუტების ჩამოყალიბებას და რეალური არჩევითი დემოკრატიის ჩამოყალიბებას უზრუნველყოფს, რაც უნდა იყოს თანხლებული ქვეყანაში ნორმალური, მრავალპარტიული სისტემით“, - განაცხადა ჩიქოვანმა.