დროა, უპასუხისმგებლო ხელისუფლებისა და პრემიერის გადაყენებაზე გეფიქრათ

დროა, უპასუხისმგებლო ხელისუფლებისა და პრემიერის გადაყენებაზე გეფიქრათ

თუ ვინმეს ვჭამდით და სისხლს ვსვამდით, "ნაციონალური მოძრაობიდან" საპარლამენტო უმრავლესობაში გადასულ ხალხთან ერთად ვჭამდით და ვსვამდით" , - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა აკაკი ბობოხიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

"ამ ქვეყანას ჰყავს აბსოლუტურად უპასუხისმგებლო ხელისუფლება. ჩვენ ქვეყნის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა ამაყად გვაცნობა, რომ თურმე ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას ორი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა უჭკუო, ამბიციური, ავანტიურისტი მინისტრი. თავისი უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს უპრინციპობით განთქმული ქალბატონი ჩაუყენა თავში. ამ ქვეყნის ხელისუფლების უპრინციპობას ბრწყინვალედ აფასებს ბიძინა ივანიშვილი, ოღონდ მას ჰგონია რომ გიცავთ, როდესაც ამბობს, რომ ჩვენს ჯარს ტყვია-წამლის ფულიც კი არა აქვს, რა დროს კაბელების შეძენა იყოვო; აფასებს ჩვენი ქვეყნის ვითარებას ივანიშვილი, როდესაც ამბობს, "ნაციონალები" გვისმენენო. თუ ორი წელიწადია "ნაციონალები" გისმენთ და თქვენ ამის პრევენცია ვერ მოახერხეთ, თქვენ რისი გამკეთებლები ხართ, თქვენ შეძლებთ მოახერხოთ, რომ არ უსმენდეს ამ ქვეყანას და ეს ქვეყანა არ გახდეს, ბოდიშს ვიხდი და "პრახადნოი დვორი" რუსებითვის თუ რომელიმე სხვა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებისთვის და თქვენ ხართ ხელისუფლება? სწორედ ამიტომ, დროა უკვე გეფიქრათ უპასუხისმგებლო ხელისუფლებისა და პრემიერის გადაყენებაზე და გემსჯელათ პოლიტიკური პასუხისმგებლობის მთავრობის დანიშვნაზე, მაგრამ თქვენ ისეთი გადაწყვეტილებები მიიღეთ ბოლო 2-3 დღის განმავლობაში, თქვენი სკამების გადასარჩენად, რომ თქვენს პასუხისმგებლობაზე ლაპარაკიც არ შეიძლება. თქვენ თუ ფორმალურად ამდენ ხანს მხარს გიჭერდათ "ნაციონალური მოძრაობიდან" გამოყოფილი ადამიანები, ის ადამიანები, რომლებიც როგორც თქვენ გიყვართ თქმა, იმ 9 წელიწადში ხალხს ვჭამდით, სისხლს ვსვამდით, ჩვენ თუ ვინმეს ვჭამდით და ვინმეს სისხლს ვსვამდით, ამ ხალხთან ერთად ვჭამდით და ვსვამდით, ბატონებო, და 2012 წლის შემდეგ ერთი წვეთი სისხლი არ დამილევია, ერთი კაცი არ შემიჭამია, ხოლო 2012 წლამდე ერთად ვიყავით. თქვენ იმაზეც კი წახვედით, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილ წევრებთან ერთად გადაირჩინეთ უმრავლესობა და როდესაც აწი, 9 წელიწადზე გექნებათ ლაპარაკი, გვერდით უმრავლესობაში გადახედეთ ხოლმე თქვენ კოლეგებს", - განაცხადა ბობოხიძემ.

მანვე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობაში გაწევრიანებული "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილ წევრებსაც და უთხრა, რომ დღეის შემდეგ მათი ბიზნესი და ოჯახის უსაფრთხოება ყოფილი მეგობრების გაწირვის და ღალატის ფონზე გადაარჩინეს.