მელნიკოვთან საპროცესო იმისთვის გაფორმდა, რომ დათა ახალაია გამტყუნდეს

მელნიკოვთან საპროცესო იმისთვის გაფორმდა, რომ დათა ახალაია გამტყუნდეს

მელნიკოვთან საპროცესო იმისთვის გაფორმდა, რომ დათა ახალაია, რომელიც საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ გაამართლა, გამტყუნდეს , - ამის შესახებ სააპელაციო სასამართლოში ოლეგ მელნიკოვთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების შემდეგ დათა ახალაიას ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა განაცხადა.

დათა ახალაიას და სოსო თოფურიძეს ოლეგ მელნიკოვთან ერთად პირველი ინსტანციის სასამართლომ, ე.წ. მოდულის შენობაში სამი პოლიციელის ცემის ფაქტზე 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, თუმცა ახალაია წარდგენილი ორი ბრალდებიდან ერთში – თავისუფლების უკანონო აღკვეთაში გამართლდა. ადვოკატის თქმით, მელნიკოვი აღიარებითი ჩვენების შემდეგ მისი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ მისცემს ჩვენებას.

"ეს ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ საქალაქო სასამართლოს მიერ გამართლებულ დავით ახალაიას მიმართ შეიცვალოს გამამართლებელი განაჩენი და დადგეს გამამტყუნებელი. ასეთი ბინძური და მარტივი მეთოდებით მოქმედებს პროკურატურა, რასაც მხარი აუბა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ. სამარცხვინო ვითარებაა, პროკურატურას "ვულოცავ" დიდ მიღწევას და გამარჯვებას. ასევე, ვულოცავ გურამ გირგვლიანს იმას, რომ ოლეგ მელნიკოვი ახალ წელს იქნება სახლში. მელნიკოვი სხვების მიმართ ისვრის ტალახს, სამაგიეროდ მან მიიღო ორწლიანი სასჯელი და არის კმაყოფილი", - განაცხადა ირაკლი ზარქეიშვილმა.

მისი თქმით, აინტერესებს მოწვეული უცხოელი პროკურორების აზრი აღნიშნულ პროცესთან დაკავშირებით.

"მთელი მსოფლიო დასცინის პროკურატურას იმ მეთოდების გამო, რომლითაც ახორციელებს პოლიტიკურ დევნას. ყველას ახსოვს, რომ მელნიკოვი თავს დამნაშავედ არ ცნობდა, იგი იბრძოდა საკუთარი უდანაშაულობის დასამტკიცებლად. მას დაპირდნენ საახალწლოდ სახლში გაშვებას და ახლა ისვრის ტალახს და ამბობს, რომ თავს გრძნობს დამნაშავედ, ასევე სხვების წინააღმდეგ აძლევს ჩვენებებს", - განაცხადა ირაკლი ზაქარეიშვილმა.

ოლეგ მელნიკოვს აღიარებითი ჩვენების სანაცვლოდ, ე.წ. მოდულის შენობაში სამი პოლიციელის ცემის ფაქტზე, სადაც ის ბრალდებული იყო დათა ახალაიასა და სოსო თოფურიძესთან ერთად საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. აღნიშნული შეთანხმების საფუძველზე მელნიკოვს ორი წლით მოუწევს პატიმრობა დაკავების დღიდან. დაკავების დღიდან ორი წელი კი მიმდინარე წლის დეკემბერში გადის.