"ნაცმოძრაობა" ანექსიის მცდელობის საკითხზე რეზოლუციის მიღებას ითხოვს

"ნაციონალური მოძრაობა" რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ანექსიის მცდელობის საკითხზე პარლამენტის მხრიდან რეზოლუციის მიღების საკითხს კვლავ აყენებს.

შესაბამისი წინადადებით საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ კოლეგებს ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მიმართა.

"ყველას კარგად მოგეხსენებათ რუსეთის განზრახვა მარიონეტული აფხაზეთის და ცხივალის რეჟიმებთან ე.წ. შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით, რაც ამ ტერიტორიების ანექსიას ნიშნავს. ამ განზრახვის გამო საზოგადოებაში არსებობს სერიოზული ვნებათაღელვა. მიგვაჩნია, რომ ქართველი ხალხის ეს დამოუკიდებულება უნდა იყოს გამოხატული პარლამენტის მიერ ამ თემასთან დაკავშირებით რეზოლუციის მიღებით. ამიტომ "ნაციონალური მოძრაობა", უმცირესობა მოგმართავთ წინადადებით, დღის წესრიგში შევიტანოთ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის რუსეთის მიერ ანექსირების მცდელობის შესახებ პარლამენტის რეზოლუციის პროექტთან დაკავშირებით დებატები და შესაბამისი შესწორებებით მივიღოთ ის რეზოლუცია, რომელიც გვაქვს წარმოდგენილი. ჩვენ შევეცადეთ ეს რეზოლუცია მაქსიმალურად დაბალანსებული ყოფილიყო - მასში თითქმის არ არის საქართველოს მთავრობის კრიტიკა და არის ფორმულირებები, რომელიც შეესაბამება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და გამომდინარეობს ვითარების სიმწვავისა და იმ საფრთხისგან, რომელიც დგას ჩვენი ქვეყნის წინაშე", - განაცხადა ბარამიძემ.

ოპოზიციონერი დეპუტატის წინადადებას ბიუროს სხდომაზევე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე. როგორც დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, ამ საკითხზე საკანონმდებლო ორგანომ განცხადება ორი კვირის წინ უკვე მიიღო.

"ორი კვირის წინ, სწორედ ამ თემაზე შედგა კონსულტაციები, რის შესაბამისადაც, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განვიხილეთ, როგორც "ნაციონალური მოძრაობის" მიერ წარმოდგენილი რეზოლუციის პროექტი, ისე უმრავლესობის მიერ მომზადებული დოკუმენტი და ჩვენ მივიღეთ პარლამენტის განცხადება რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთის ანექსიის მცდლეობის საკითხზე. რა თქმა უნდა, თქვენ უფლება გაქვთ კვლავ დასვათ ეს საკითხი", - მიმართა დავით უსუფაშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს.

უსუფაშვილის განცხადებაზე საპასუხოდ გიორგი ბარამიძემ განმარტა, რომ პარლამენტმა ორი კვირის წინ რეზოლუციის ნაცვლად განცხადება მიიღო, რაც უფრო დაბალი რანდის დოკუმენტია.

"პარლამენტმა მიიღო განცხადება და არა რეზოლუცია. ვითარება კიდევ უფრო დამძიმდა, რადგან გამოიკვეთა ახალი აგრესიის საფრთხე - თრუსოს ხეობის ოკუპაციის საფრთხე. მიგვაჩნია, რომ პარლამენტმა უფრო მაღალი რანგის დოკუმენტი უნდა მიიღოს – სწორედ რეზოლუცია და არმგონია, რომ ეს სამარცხვინო ან მიუღებელი იყოს", - აღნიშნა ბარამიძემ, რაზეც პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, რომ საკანონმდებლო ორგანოს აქტებში არანაირი იერარქიული სხვაობა არ არსებობს.

"არანაირი იერარქიული სხვაობა პარლამენტის აქტებში, ეს იქნება რეზოლუცია, განცხადება, დადგენილება თუ სხვა, არ არის დადგენილი. ამაში დამეთანხმება ყველა, ვისაც პარლამენტთან ახლოს გაუვლია. თქვენი უფლებაა ამტკიცოთ, რომ რაიმე დამაკნინებელი ან დაბალი რანგის დოკუმენტითაა გამოხატული პარლამენტის პოზიცია, მაგრამ მსოფლიოში ყველა დანარჩენმა იცის, რომ ასე არ არის", - განმარტა დავით უსუფაშვილმა.