"ამხანაგოთი" აღარ მომმართოთ, კომპარტიის წევრები თქვენსკენ მოიკითხეთ

მინდა გთხოვოთ, "ამხანაგოთი" აღარ მომმართოთ, რადგან მე არასდროს კომპარტიის წევრი არ ვყოფილვარ, კომპარტიის წევრები თქვენსკენ მოიკითხეთ , - ამ თხოვნით პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ბარამიძემ პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მიმართა.

"მინდა დაგეთანხმოთ, რომ ჩვენ ერთმანეთს ეთიკურად უნდა მივმართოთ და მე არანაირად არ მიცდია, რომ ვინმესთვის შეურაცხყოფა მიმეყენებია. გვარების ჩამოთვლა მაინტერესებდა, ვინ არიან, რა ხალხია-თქო ეს ვიკითხე. რადგან ამ თემაზე ბრძანეთ, ბატონო დავით, მეც მინდა, კოლეგიალურად გთხოვოთ, რომ არც ასე მომმართოთ: ამ კაცს რა უნდა და მით უმეტეს არც ისე, როგორც ბოლო სესიაზე მომმართეთ "ამხანაგ ბარამიძესო". ისე, მინდა გითხრათ, რომ მე არასდროს კომპარტიის წევრი არ ვყოფილვარ, კომპარტიის წევრები თქვენსკენ მოიკითხეთ", - მიმართა გიორგი ბარამიძემ პარლამენტის თავმჯდომარეს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი დეპუტატებს ერთმანეთზე საუბრისას "მიმართვის ფორმის უკეთ შერჩევისკენ" მოუწოდა. შესაბამისი მოწოდებით უსუფაშვილმა პარლამენტის წევრებს ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მას შემდეგ მიმართა, რაც "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი გია ბარამიძე დაინტერესდა, "რა ხალხია" ფრაქციაში "დამოუკიდებელი მაჟორიტარები ძლიერი რეგიონებისთვის".

ფრაქცია "დამოუკიდებელი მაჟორიტარები - ძლიერი რეგიონებისთვის" ყოფილი "ნაციონალური მოძრაობის" წევრებისგან შეიქმნა. აღნიშნული ფრაქცია საპარლამენტო უმრავლესობაში მას შემდეგ გაწევრიანდა, რაც ეს უკანასკნელი "თავისუფალმა დემოკრატებმა" დატოვეს.