დავით უსუფაშვილი დეპუტატებს

დავით უსუფაშვილი დეპუტატებს "მიმართვის ფორმის უკეთ შერჩევისკენ" მოუწოდებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი დეპუტატებს ერთმანეთზე საუბრისას "მიმართვის ფორმის უკეთ შერჩევისკენ" მოუწოდებს.

შესაბამისი მოწოდებით უსუფაშვილმა პარლამენტის წევრებს ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მას შემდეგ მიმართა, რაც "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელები გია ბარამიძე დაინტერესდა, "რა ხალხია" ფრაქციაში "დამოუკიდებელი მაჟორიტარები ძლიერი რეგიონებისთვის".

"მე მაინტერესებს, რა ხალხია ეს, ვინ არიან?", - განაცხადა ბარამიძემ, როდესაც საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ბიუროს სხდომის მონაწილეებს აღნიშნული ფრაქციის რეგისტრაციის მოთხოვნასთან დაკავშირებით დადებითი დასკვნა გააცნო.

"ძალიან გთხოვთ, რომ კოლეგებმა კოლეგების მიმართ მიმართვის ფორმა ცოტა უკეთ შევარჩიოთ. ვთვლი, რომ ეს ცუდი ფორმაა. რა ხალხია ეს და ის ხალხია, რომელიც პარლამენტში მოიყვანეთ. კოლეგებს მოეპყარით კოლეგიალურად ძალიან გთხოვთ", - მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ დეპუტატებს.

ფრაქცია "დამოუკიდებელი მაჟორიტარები - ძლიერი რეგიონებისთვის" ყოფილი "ნაციონალური მოძრაობის" წევრებისგან შეიქმნა. აღნიშნული ფრაქცია საპარლამენტო უმრავლესობაში გაწევრიანდა.