საბავშვო ბაღების პედაგოგები თბილისში მუნიციპალურ ტრანსპორტზე შეღავათებით ისარგებლებენ

საბავშვო ბაღების პედაგოგები თბილისში მუნიციპალურ ტრანსპორტზე შეღავათებით ისარგებლებენ

მუნიციპალურ ტრანსპორტზე შეღავათებით თბილისში საბავშვო ბაღების პედაგოგებიც ისარგებლებენ. აღნიშნული ინიციატივა თბილისის 2015 წლის ბიუჯეტშია განსაზღვრული.

როგორც თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საბავშვო ბაღების პედაგოგებს შეღავათები არ ჰქონდათ. ნარმანიას თქმით, შეღავათებით ასევე ისარგებლებენ პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული პირებიც.

საბავშვი ბაღების მიმართულებით ბიუჯეტში სხვა ინიციატივებიც არის. კერძოდ, მომავალ წელს დაგეგმილია 8 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა, რომლისთვისაც ბიუჯეტში 20 მილიონი ლარია გათვალისწინებული. მთლიანობაში, 8 მილიონი ლარით გაიზრდება საბავშვო ბაგა-ბაღების პროგრამა, რომლისთვისაც ჯამში 85 მილიონი ლარი გამოიყოფა.

სოციალური პროექტები 2015 წელს დაფინანსდება 168 542 800 ლარით, ხოლო ჯანდაცვის ღონისძებები - 34 450 000 ლარით, რაც 8 მილიონი ლარით მეტია 2014 წლის გეგმიურ მაჩვენებელთან შედარებით.

2015 წელს დაიწყება ისეთი ახალი პროექტების განხორციელება, რომელიც ნარმანიას თქმით, წინა წლებში არ ფინანსდებოდა:

1 400 000 ლარია გათვალისწინებული C ჰეპატიტით დაავადებულ პირებში მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრისათვის საჭირო კვლევების დაფინანსების პროგრამის დაწყებისთვის.

დაიწყება სოციალურად დაუცველი 18 წლამდე მკვეთრად და მნიშვნელოვნად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დახმარების პროგრამა.

განხორციელდება სოციალურად დაუცველი მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე უსინათლო პირების დახმარების პროგრამა - 1 000 000 ლარი.

დაიწყება სოციალურად დაუცველ ოჯახებში ყველა ახალშობილზე ერთჯერადი 500-ლარიანი დახმარების პროგრამა; დაიწყება პროფესიული განათლების ხელშეწყობის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც მოხდება სოციალურად დაუცველი სტუდენტების დაფინანსება; დაიწყება მიუსაფართა თავშესაფრის მოვლა-პატრონობის პროგრამა; გაორმაგდება სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებისათვის 18 წლამდე ასაკის თითოეულ ბავშვზე ყოველთვიური დახმარება. ნაცვლად 25 ლარისა, რასაც იღებდნენ სოციალურად დაუცველი ოჯახები თითოეულ ბავშვზე, მიიღებენ 50 ლარს; 5 მილიონი ლარით გაიზრდება თბილისის მუნიციპალიტეტის გამგეობების მიერ სოციალურად დაუცველი პირების დაფინანსება. 3 500 000 ლარით გაიზრდება უფასო სასადილოებით ბენეფიციართა მომსახურების თანხა და ყველა ის ბენეფიციარი, ვინც მიმდინარე და გასულ წლებში სარეზერვო სიებში იყვნენ შეყვანილები, გადავლენ ძირითად სიაში და მიიღებენ მომსახურებას. ასევე გაიზრდება ავარიული საცხოვრებელი სახლებში მცხოვრები მოსახლეობის კომპენსაცია. ჯამში ამ მიმართულებით 3 600 000 ლარი დაიხარჯება.

ბიუჯეტში ერთ-ერთ პრიორიტეტად არის აღებული გამწვანება. 2015 წელს დაიწყება დენდროლოგიური პარკის რეაბილიტაციის პროექტი. აგრეთვე, მასობრივი გამწვანების ღონისძიებები განხორციელდება რამდენიმე სპეციალურად შერჩეულ ადგილზე. ჯამში მომავალ წელს, სპეციალურად შერჩეულ ადგილებზე 250 000 ხის დარგვაა დაგეგმილი.

კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურული პროექტები 238 000 000 ლარით დაფინანსდება.

5 000 000 ლარით გაიზრდება საინჟინრო ნაგებობების მშენებლობა-აღდგენა-რეაბილიტაცია. 2015 წლის ძირითადი პროექტებია: პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის აღდგენა; ბარათაშვილის, ზაჰესისა და სხვა ხიდების რეაბილიტაცია; 240 ბენეფიციარზე გათვლილი მიუსაფართა თავშესაფრის მშენებლობა.

5 200 000 ლარით გაიზრდება ავარიული შენობების გამაგრება და ჯამში 18 500 000 ლარს შეადგენს.

ასევე მოხდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-აღდგენა, მრავალსართულიანი ავტოსადგომის მშენებლობა.

ასევე დაგეგმილია ინოვაციური მუნიციპალური პროექტების განხორციელება.

დაპროექტდება სამგორი-ვაზისუბნის საბაგიროს გზა. დაიწყება პროექტი "QR კოდები - თბილისი". თბილისის მასშტაბით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები და მნიშვნელოვანი არქიტექტურული ნაგებობები QR კოდებით აღჭურვა. QR კოდებით აღიჭურვება 300 ერთეული ისტორიული ძეგლი და არქიტექტურული ნაგებობა.

დაიწყება პროექტი "თბილისის მწვანე ქუჩა", რომელიც მიზნად ისახავს თბილისის ერთ-ერთი ქუჩის შერჩევას და მის განსაკუთრებულ "მწვანე" სტატუსით პროექტირებას.

დაიწყება პროექტი "ენერგოეფექტური მუნიციპალური შენობა" პროექტი პილოტურია და მოიცავს: შენობის კარკასის ენერგოეფექტურ თბოიზოლაციას; ენერგოეფექტური, თანამედროვე გათბობისა და წყალმომარაგების სისტემათა ინსტალაციას; განათების ენერგოეფექტური სისტემის ინსტალაციას.