თბილისის 2015 წლის ბიუჯეტში 4 ძირითადი პრიორიტეტი განისაზღვრა

თბილისის 2015 წლის ბიუჯეტში 4 ძირითადი პრიორიტეტი განისაზღვრა

დედაქალაქის 2015 წლის ბიუჯეტის პარამეტრებსა და დაგეგმვაზე თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ისაუბრა. მისი ინფორმაციით, ბიუჯეტის დაახლოებითი მოცულობა 800 მილიონი ლარით განისაზღვრა.

თბილისის მერის განცხადებით, 2015 წლის ბიუჯეტი წინა წლებთან შედარებით უფრო გამჭვირვალე იქნება. ნარმანიამ აღნიშნა, რომ 2015 წლის პრიორიტეტები დედაქალაქის მოსახლეობის გამოკითხვის შედეგებს ეფუძნება.

"2015 წლის ბიუჯეტში მთელი რიგი პროექტები და შეფასებების ინდიკატორები უფრო დეტალურად იქნება მოცემული, რაც საშუალებას მოგვცემს ამ პროექტების განხორციელების ეფექტურობა შევაფასოთ. მნიშვნელოვანია ასევე, რომ 2015 წლის ბიუჯეტის შედგენამდე მოხდა მოსახლეობის გამოკითხვა და პრობლემებისა და საჭიროებების თაობაზე ჯამში 8 ათასამდე ადამიანი გამოიკითხა. სწორედ ამაზე იქნა დაფუძნებული თბილისის 2015 წლის ბიუჯეტი. მომდევნო წლისთვის ბიუჯეტის დაახლოებითი მოცულობა 800 მილიონი ლარით განისაზღვრება, თუმცა ჩვენ საბოლოო დაზუსტებული ციფრის გამოქვეყნების საშუალება მას შემდეგ მოგვეცემა, რაც ცენტრალური მთავრობიდან მისაღები ტრანსფერების საბოლოო მოცულობა დადგინდება. 2015 წელს 4 მთავარი პრიორიტეტი იქნება. პირველი - ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამები, იზრდება იმ პროგრამების დაფინანსება, რაზეც საზოგადოების მხრიდან ყველაზე მეტი მოთხოვნა არსებობს. მეორე - დედაქალაქის გამწვანება და ის უამრავი პროექტი, რომელიც ჩვენ ამ თვალსაზრისით გვაქვს, მომდევნო წელს განხორციელდება. მესამე - ჩვენ წელსვე დავისახეთ ერთ-ერთ პრიორიტეტად და ეს მომავალ წელსაც გაგრძელდება, საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია და 2015 წლის ბიუჯეტით მეოთხე პრიორიტეტი მუნიციპალური ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა იქნება", - განაცხადა ნარმანიამ.