დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში ხორცის გადამამუშავებელი ახალი საწარმო გაიხსნა. საწარმოს გახსნას სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და კახეთის გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი დაესწრნენ.
ხორცის საწარმო ადგილობრივი გლეხებისგან ცოცხალ საქონელს ჩაიბარებს. საწარმო თანამედროვე ტიპის დანადგარებითაა აღჭურვილი და მისი წარმადობა დღეში სამი ტონა ხორცია. წარმოებული პროდუქტი მაღალი ხარისხის, უსაფრთხო, კონკურენტული იქნება და სურსათის უვნებლობის სტანდარტს დააკმაყოფილებს. საწარმოს ხელმძღვანელები იმედოვნებენ, რომ საწარმო შექმნის სტაბილურ ბაზარს დედოფლისწყაროს და მიმდებარე რაიონების ადგილობრივი ფერმერებისთვის და 40 ახალ სამუშაო ადგილს შექმნის.
ხორცკომბინატის მშენებლობა 2013 წელს დაიწყო და კერძო ინვესტიციის ფარგლებში ერთი მილიონი ლარი დაიხარჯა. კომპანიამ უკვე გამოუშვა საცდელი პროდუქტი, სრული დატვირთვით კი მუშაობას წლის ბოლოდან დაიწყებს.