"საზოგადოება – 2030"-ში, შესაძლოა, სოსო გალუმაშვილი და ირაკლი ლექვინაძე გაწევრიანდნენ

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა "საზოგადოება - 2030"-ის ფარგლებში, ექსპერტებთან რამდენიმე საკონსულტაციო შეხვედრა უკვე გამართა.

"ინტერპრესნიუსი" დაინტერესდა იმ ექსპერტების ვინაობით, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებული "საზოგადოება 2030"-ის წევრები იქნებიან, მათ შორის დაუკავშირდა ქობულეთში გამართული შეხვედრის მონაწილეებს, რომლის შესახებაც ინფორმაცია მედიით გავრცელდა.

პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია "ჯეპრას" წარმომადგენელი სოსო გალუმაშვილი ადასტურებს, რომ ის ესწრებოდა რამდენიმე საკონსულტაციო შეხვედრას როგორც ქობულეთში, ისე თბილისში, თუმცა, მისი თქმით, ორგანიზაცია ჯერჯერობით დაფუძნებული არ არის და მისი წევრების დასახელებისგან თავს შეიკავებს.

"ჩემს წევრობაზე ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით. წევრობა, როგორც ასეთი, არა აქვს, მე მგონი. ეს ღია ორგანიზაციაა და იგი ჯერ ჩამოყალიბების პროცესშია. შემიძლია გითხრათ, რომ მე დავესწარი რამდენიმე საკონსულტაციო შეხვედრას. ძალიან ღია ორგანიზაცია იქნება და კონკრეტული წევრების დასახელებისგან ჯერჯერობით, სანამ არ არის ჩამოყალიბებული, თავს შევიკავებდი, იმიტომ რომ, ზოგი შეიძლება წავიდეს, ზოგი მოვიდეს. საკონსულტაციო შეხვედრებზე საუბარი იყო საზოგადოების განვითარების საკითხებზე და როგორც საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში სპეციალისტს, ცხადია, ეს მაინტერესებდა. თანამშრომლობაზე მეტად, საუბარია ერთიანი ხედვის ჩამოყალიბებაზე, თუ როგორი საზოგადოება, როგორი ქვეყანა გვინდა, საითკენ უნდა წავიდეს ქვეყანა და სახელმწიფო 2030 წლისკენ. ამაზე მიდის ჯერჯერობით საუბარი. ჯერ არ არსებობს ორგანიზაცია, პირველი ეტაპი არის გარკვეული საკონსულტაციო შეხვედრები, რომლებიც უკვე მიმდინარეობს. ერთ-ერთი შეხვედრა იყო ქობულეთში, თბილისშიც იყო რამდენიმე. ვფიქრობ, რომ ეს იქნება ორგანიზაცია, ღია საზოგადოება, რომელშიც გაწევრიანებული იქნებიან ის ადამიანები, ვისაც კონკრეტული ინტერესი და ხედვა გააჩნიათ საზოგადოების და სახელმწიფოს განვითარების მიმართულებებზე", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" სოსო გალუმაშვილმა.

ქობულეთში ბიძინა ივანიშვილთან გამართულ შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა რეჟისორი გოგა ხაინდრავა, თუმცა იგი აცხადებს, რომ "საზოგადოება 2030"-ის წევრად არ მოაზრება.

"ქობულეთის შეხვედრებში ვიყავი, როცა ამ თემაზე საუბარი იყო, მაგრამ სადამფუძნებლო შეხვედრაში ან რაიმე ტიპის საორგანიზაციო შეხვედრაში მონაწილეობა არ მიმიღია", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" გოგა ხაინდრავა.

"საზოგადოება 2030"-ში მონაწილეობაზე შეთავაზება მიიღო ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში ირაკლი ლექვინაძემ.      

"პროცესი მიმდინარეობს, ამიტომ ამ ეტაპზე ვერაფერს გეტყვით კონკრეტულად. არ არის გამორიცხული, რომ ვითანმაშრომლო, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილის ნააზრევი, მოსაზრებები თანხვედრაშია იმ მოსაზრებებთნ, რაც მე გამაჩნია. ამიტომ თანამშრომლობას არ გამოვრიცხავ. საუბარი გვქონდა ამ თემაზე", - განაცხადა ლექვინაძემ და დასძინა, რომ დამატებითი დეტალები, თუ რა ტიპის ორგანიზაცია იქნება "საზოგადოება 2030", მისი პრეზენტაციისას გახდება ცნობილი.

ბიძინა ივანიშვილმა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ შეიქმნა "საზოგადოება 2030", რომელშიც ბევრი საინტერესო პიროვნებაა გაერთიანებული.

"ამ საზოგადოების ლოზუნგი გახლავთ ილიას სიტყვები - "ყველამ ერთად და თითოეულმა ცალკე გავაცნობიეროთ, რომ ნაწილი ვართ ერისა". ეს მუხტი გვაერთიანებს ჩვენ ხალხს და ვინც შეიძლება შემოგვემატოს კიდევ. ყველა ჩვენი აქცენტი გაკეთებული იქნება საზოგადოების ინტერესებზე და შიგნითვე ჩვენ მოვახერხებთ, რომ არ გამოგვეპაროს კერძო ან პირადი ინტერესები. ამავე სახელით ტელეპროექტი "2030" გვექნება, სადაც კვირაში ერთხელ ანალიტიკური გადაცემა იქნება "ჯიდიესზე". გადაცემა ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით იქნება და მოწვეული სტუმრებით მოხდება ანალიზი მოვლენების. საუბარი იქნება სტრატეგიაზეც და სხვადასხვა თემებზეც. კვირაობით კი 1 საათის განმავლობაში სამ წამყვანთან ერთად ძირითად ანალიზს გავაკეთებთ", - აღნიშნა ივანიშვილმა.

მისი თქმით, ქართულმა საზოგადოებამ დაიბრუნა ლეგიტიმური უფლებები და საზოგადოებამ უნდა აირჩიოს და აკონტროლოს პოლიტიკური ცხოვრება.

"საზოგადოება უკვე მოწიფულია და გაცილებით უკეთესად ერკვევა მოვლენებში. ბოლომდე შევავსებ ვაკუუმს. უმრავლესობასთან შეხვედრაზე ვთქვი, რომ ბევრ შეცდომას უშვებთ და ყველაფერს მიეცემა შეფასება. ნუ გგონიათ, რომ "რუსთავი 2"-ის "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ყირაზე დაყენებული აქცენტები ასე დარჩება, ყველაფერს მიეცემა ობიექტური შეფასება. სამწუხაროა, რომ იმ ფონზე, როდესაც აგიტაციას ერთი ტელევიზია აკეთებს და "ნაციონალური მოძრაობა" სიცრუეზე იყო ორიენტირებული და დღესაც ამას ახერხებს, სხვა ტელევიზიები ვერ ახერხებენ სიტუაციის დაბალანსებას და საზოგადოებაში არასწორი მოვლენების ინტერპრეტაცია ხდება. ჩვენ მოვახერხებთ მოვლენების სწორი ანალიზის მიწოდებას საზოგადოებისთვის. ყველა მოვლენას მიეცემა ობიექტური და სწორი შეფასება. მე გვერდით დავუდგები პოლიტიკოსებს, დავეხმარები მოვლენების გაანალიზებაში და საზოგადოება სწორ აქცენტებს გააკეთებს ყველა მოვლენაზე და ნუ ავყვებით ეიფორიას და არ დავუშვათ შეცდომები", - განაცხადა ივანიშვილმა.