„ხელისუფლება პროვოკაციას ვერ გაბედავს, რადგან ძალიან ბევრი ვიქნებით“

„ხელისუფლება პროვოკაციას ვერ გაბედავს, რადგან ძალიან ბევრი ვიქნებით“

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, 15 ნოემბერს საზოგადოებასთან ერთად აფხაზეთის ანექსიის გასაპროტესტებლად იკრიბებიან.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა დღეს „აფხაზთა კრებასთან“ შეხვედრა გამართეს და დაგეგმილი აქციის დეტალებზე ისაუბრეს.

„ვისაუბრეთ იმ პრობლემებზე, რომელიც საქართველოს აწუხებს. ეს არის ტერიტორიული მთლიანობა, პირდაპირი ანექსია, რომელსაც რუსეთი ახორციელებს. 15-ში ვიკრიბებით, რათა მთელ მსოფლიოს ხმა გავაგონოთ, რომ ამას არ შევურიგდებით. მართლა დანაშაულებრივად მიგვაჩნია ის, რასაც დღევანდელი ხელისუფლება აკეთებს. არაფერს ამბობს აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთის მიერ საბაჟო საზღვრების გახსნაზე. არ მუშაობს მაგალითად, ბელორუსთან და ყაზახეთთან, რომელსაც ამ თემის დაბლოკვა შეუძლიათ. ჩვენ ხელისუფლება უნდა გამოვაფხიზლოთ და ძალიან კარგია, რომ „აფხაზთა კრება“ გვერდში გვიდგას“, - განაცხადა ვაშაძემ.

რაც შეეხება აქციაზე მოსალოდნელ პროვოკაციებს, ვაშაძის თქმით, ამის პრევენცია ხალხის სიმრავლე იქნება.

„რაც მეტი ვიქნებით, უფრო ნაკლები იქნება პროვოკაციის საფრთხე. გვგონია, რომ ხელისუფლება პროვოკაციას ვერ გაბედავს, რადგან ძალიან ბევრნი ვიქნებით“, - განაცხადა ვაშაძემ.