საპარლამენტო უმრავლესობაში

საპარლამენტო უმრავლესობაში "თავისუფალი დემოკრატების" ნაცვლად 6 დეპუტატი შევიდა

ამ დროის მდგომარეობით, საპარლამენტო უმრავლესობას ექვსი დეპუტატი დაემატა, შვიდი კი დააკლდა. პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინა დეპუტატების: გოჩა ენუქიძის, გიორგი ფეიქრიშვილის, იაშა შერვაშიძის, მარიკა ვერულაშვილის, ანზორ ბოლქვაძის, გურამ მისაბიშვილის მიმართვა უმრავლესობაში შესვლის შესახებ.

მათ ბიუროს ასევე აცნობეს ახალი ფრაქციის "დამოუკიდებელი მაჟორიტარები – ძლიერი რეგიონების" შექმნის თაობაზე.

პარლამენტის ბიუროს ეცნობა "ფრაქცია ქართული ოცნება - თავისუფალი დემოკრატების" მიერ უმრავლესობის დატოვების და ფრაქციის სახელწოდების შეცვლის შესახებ.

როგორც ფრაქციის თავმჯდომარემ ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, უმრავლესობას ტოვებს ფრაქციის 7 წევრი და ასევე ფრაქციაში გაერთიანების თაობაზე განცხადება გაკეთებული აქვს დეპუტატ შალვა შავგულიძეს.

პარლამენტის ბიურომ დღევანდელ სხდომაზე ასევე ცნობად მიიღო დეპუტატების თამაზ ჯაფარიძის, გელა სამხარაულის და გედევან ფოფხაძის გადაწყვეტილება ფრაქცია "ქართული ოცნება თავიუსფალი დემოკრატებიდან" გასვლის და უმრავლესობაში დარჩენის შესახებ.

ბიუროს დღეს ეცნობა ისიც, რომ უმრავლესობაში გედევან ფოფხაძე დამოუკიდებელი წევრის სტატუსით რჩება.

როგორც ცნობილია, უმრავლესობაში გაერთიანებას აპირებს ფრაქცია "დამოუკიდებელი, უპარტიო მაჟორიტარები", თუმცა შესაბამისი განცხადება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე არ შესულა.