პრეზიდენტი პარლამენტში სავარაუდოდ, 14 ნოემბერს მივა

პრეზიდენტი პარლამენტში სავარაუდოდ, 14 ნოემბერს მივა

თუმცა ზუსტი თარიღი და ფორმატი ბიუროს სხდომის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი, რომელიც პარლამენტში ცოტა ხნის წინ დაიწყო.

როგორც ბიუროს სხდომის დაწყებამდე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ განაცხადა, ქვეყნისთვის კარგია, რაც უფრო მეტი კონტაქტი იქნება სახელმწიფო სტრუქტურებს შორის.

„ის, რომ პრეზიდენტი მოვა პარლამენტში, ეს არის მნიშვნელოვანი და არა ის, რა ფორმატით იქნება ეს“, - განაცხადა საგანელიძემ და დასძინა, რომ დეტალები ბიუროს სხდომის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი, თუმცა სავარაუდოდ, პრეზიდენტი პარლამენტში 14 ნოემბერს მივა.

„ამასაც დავაზუსტებთ. ვფიქრობ, რომ პარასკევი იქნება“, - დასძინა საგანელიძემ.

გარდა ამისა, ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატები“ ოფიციალურად დატოვებენ უმრავლესობას.

ამასთან, როგორც უკვე ცნობილია, უპარტიო, დამოუკიდებელი მაჟორიტარების 6-კაციანი ფრაქცია და ასევე „დამოუკიდებელი მაჟორიტარები - ძლიერი რეგიონისთვის“ 6-კაციანი ფრაქცია საპარლამენტო უმრავლესობას უერთდება.