საპარლამენტო უმრავლესობასთან აქამდეც ვთანამშრომლობდით

საპარლამენტო უმრავლესობასთან აქამდეც ვთანამშრომლობდით

საპარლამენტო უმრავლესობასთან აქამდეც ვთანამშრომლობდით, - ამის შესახებ ამბროლაურის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოჩა ენუქიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, პარლამენტში დღეს ბიუროს სხდომაზე ახალი ფრაქციის შექმნისა და უმრავლესობაში გაერთიანების საკითხზე იმსჯელებენ. ფრაქციას სახელწოდებით "დამოუკიდებელი მაჟორიტარები – ძლიერი რეგიონებისათვის" სწორედ გოჩა ენუქიძე უხელმძღვანელებს. მასში ასევე გაწევრიანდებიან "ნაციონალური მოძრაობიდან" გასული დეპუტატები გურამ მისაბიშვილი, მარიკა ვერულაშვილი, გიორგი ფეიქრიშვილი, იაშა შერვაშიძე, ანზორ ბოლქვაძე.

გოჩა ენუქიძემ ფრაქციის შექმნასთან და უმრავლესობაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით განცხადება უკვე გააკეთა.

"ახალი არაფერი მომხდარა, დე ფაქტო გადავიდა დე იურეში. ჩვენ აქამდეც ვთანამშრომლობდით, უბრალოდ ახლა ჩავთვალეთ, რომ ქვეყანას არ ჭირდება დამატებითი რყევები და საჭირო იყო ამ ნაბიჯის გადადგმა. ჩვენ ეს ნაბიჯი გადავდგით", - აღნიშნა გოჩა ენუქიძემ.

მისივე თქმით, ფრაქციის შექმნა წელიწადნახევრის წინ იგეგმებოდა, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო გადაიდო.