საეთაშორისო მიმართულებით გარკვეული ხარვეზები იყო, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ჟურნალისტებს ყოფილ მინისტრებთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადებების კომენტირებისას განუცხადა.
როგორც ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა, პრემიერი მთავრობის მეთაურია, მას მეტი ინფორმაცია აქვს, უკეთ ხედავს როგორ მუშაობენ მინისტრები, ამიტომ თუ პრემიერს კითხვები გააჩნია ყოფილ მინისტრებთან დაკავშირებით, ეს მისი უფლებაა.
"თუმცა, მეორე მხრივ, ცხადია, რომ საერთაშორისო მიმართულებით გარკვეული ხარვეზები იყო. ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვაგან არ არის, ზოგადად, ყველა მიმართულებით ჩვენი ხელისუფლება არის მაქსიმალისტი, შესაბამისად, გვსურდა და დღესაც გვსურს, რომ საუკეთესოდ ყოფილიყო. თუ ამ მიმართულებით კითხვები არის, თავისთავად ცხადია, პრემიერი ამას უკეთესად შეაფასებს", - აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს განაცხადა, რომ ევროპასა და აშშ-ში ვერ მოიხსნა განცდა, საქართველოში პოლიტიკური ნიშნით დევნასთან დაკავშირებით, რაზეც პირდაპირ პასუხისმგებლენი არიან მაია ფანჯიკიძე, ირაკლი ალსანია და თუნდაც ალექსი პეტრიაშვილი.