"თავისუფალი დემოკრატები" პარლამენტში თანამდებობების პირადი განცხადებით დატოვებას არ აპირებენ

ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარის ირაკლი ჩიქოვანის ინფორმაციით, პარლამენტში თანამდებობებზე მყოფი მისი ფრაქციის წევრები , პოსტებს პირადი განცხადებების საფუძველზე არ დატოვებენ.

როგორც ირაკლი ჩიქოვანმა ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა, აღნიშნული საკითხი რეგლამენტით წესრიგდება და რეგლამენტში პირდაპირ დეტალურად გაწერილია როგორ ხდება გადაწყვეტილების მიღება.

"ის ადამიანები, რომლებიც დღეს ბიუროს წევრები არიან, პირადი განცხადებების საფუძველზე არ დატოვებენ თანამდებობებს, რომლებიც დღეს საქართველოს პარლამენტში უკავიათ", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

დღესდღეობით საქართველოს პარლამენტში სამ კომიტეტს ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" წევრები ხელმძღვანელობენ. კერძოდ, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილია, გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ცაგარეიშვილი, ხოლო ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე. ამასთან, პარლამენტის ერთ-ერთი ვიცე-სპიკერი, ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" წევრი ზურაბ აბაშიძეა.