თბილისის საქალაქო სასამართლოში ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით დაკავებული ექსპერტის ლევან ჩაჩუას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
ჩაჩუას პროცესზე იკითხებიან ზურაბ ჟვანიასთან ერთად გარდაცვლილი რაულ უსუპოვის ახლობლებიც, ასევე თელავის რაიონის სოფელ ყარაჯალას რამდენიმე მოლა, რომლებმაც მუსლიმური წესის მიხედვით, გარდაცვლილი უსუპოვი განბანეს. ამ დროისათვის იკითხება სოფლის მოლა ადრათ ალი ბაირამოვი. როგორც მან აღნიშნა, რაულ უსუპოვის გარდაცვალების შესახებ 2005 წლის 3 თებერვალს გამთენიისას გაიგო, საღამოს კი უსუპოვის ცხედარი სოფელში გადაასვენეს, სადაც წესის მიხედვით განბანა. მისი თქმით, უსუპოვის ცხედარზე, მკერდის მიმდებარე ტერიტორიაზე ორი ნახვერტი შენიშნა, რომელიც გაწითლებული და ნაწილობრივ გაშავებული იყო და საიდანაც სითხე ჟონავდა. როგორც მან აღნიშნა, ეგონა რომ აღნიშნული დაზიანებები სამედიცინო დახმარების შედეგად ჰქონდა უსუპოვს სხეულზე მიღებული.
"მეგონა რომ წვეთოვანი დაუდგეს და ამის გამო ჰქონდა ეს დაზიანებები. მკერდის მიმდებარე ტერიტორიაზე ორი ნახვრეტი ჰქონდა, საიდანაც ჟონავდა სითხე. ჩემთან ერთად იყო მისი ბაბუა. როდესაც განვბანეთ, შემდეგ უსუპოვი დავკრძალეთ და ამის შემდეგ ვუთხარი მამამისს, რაც შევნიშნე", - განაცხადა მოლამ.
მოწმის აღნიშნული ჩვენების შემდეგ პროკურატურამ მოითხოვა, ვიდეოფირზე აღბეჭდილი დაზიანებების ნახვის პარალელურად გაეგრძელებინა მოლას ჩვენება. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ვიდეოფირების ჩვენება დახურულ პროცესზე მიმდინარეობს. ვიდეოფირის ჩვენების შემდეგ პროცესი დამსწრეთათვის კვლავ საჯარო იქნება.
დღესვე ყარაჯალას რამდენიმე მოლა უნდა დაკითხოს. გამორიცხული არ არის, რომ სასამართლო პროცესზე რაულ უსუპოვის მამა, იაშარ უსუპოვიც დაიკითხოს. დღევანდელ პროცესს თავად ბრალდებული ლევან ჩაჩუაც ესწრება, რომელსაც სამსახურებრივ გულგრილობას ედავებიან. კერძოდ, პროკურატურის ბრალდების მიხედვით, ექსპერტმა გარდაცვლილებების სხეულზე დაზიანებები სრულად არ ასახა საკუთარ დასკვნაში.