"ესაა პასუხი კითხვაზე, თუ რას აკეთებს მთავრობა"

პრემიერი დარწმუნებულია, რომ შს მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე და სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელი ზურაბ გამეზარდაშვილი ეფექტური საქმიანობით შთამბეჭდავ შედეგს მიაღწევენ.

როგორც პრემიერ-მინისტრმა 2014 წელს სასაზღვრო პოლიციის მიერ განხორციელებული საქმიანობის პრეზენტაციის შემდეგ განაცხადა ხელისუფლება მესაზღვრეებისთვის სათანადო პირობების შესაქმნელად ყველაფერს აკეთებს.

"კითხვაზე, თუ რას აკეთებს მთავრობა ესაა, აი ამას ვაკეთებთ ჩვენ. ეს ნათელი დემონსტრირებაა იმისა, რომ ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს ქვეყანაზე და ხალხზე. მე მაგალითი შემთხვევით არ მომიყვანია. სააკაშვილმა გადაიხადა 40 მილიონი ევრო, საკუთარ ორ ვერტმფრენში, რათა საქართველოში კომფორტულად ემგზავრა. ჩვენ კი პრაქტიკულად 20 მილიონი ლარი დავხარჯეთ იმისთვის, რომ კატასტროფულ მდგომარეობაში არსებული სექტორები სრულად განგვეახლებინა, ახალი აგვეშენებინა. მოხდა 25-30% თანამშრომელთა ხელფასების ზრდა. აღმოსავლეთ პარტნიორობის პროექტის ფარგლებში აზერბაიჯანის საზღვარზე 5 სექტორის აშენებას ვიწყებთ. ყველა ტექნიკა იყო მოძველებული და აშშ-ის მთავრობის დახმარებით 6 მილიონი დოლარის ღირებულების უახლესი, თანამედროვე ტექნიკა გადმოგვეცა. შეკეთდა ყველა ვერტმფრენი. ეს არის ის რეალური და ძალიან შთამბეჭდავი შედეგი. მადლობას ვუხდი ალექსადნრე ჭიკაიძეს და ზურაბ გამეზარდაშვილს ძალიან ეფექტური საქმიანობისთვის. ისინი გააგრძელებენ და ძალიან შთამბეჭდავ შედეგს მიაღწევენ", - განაცხადა ღარიბაშვილმა.