თეა წულუკიანს თავისი არჩევანი და შეხედულებები აქვს

თეა წულუკიანს თავისი არჩევანი და შეხედულებები აქვს

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრის, "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერის ალექსი პეტრიაშვილის განცხადებით, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს თავისი არჩევანი და შეხედულებები აქვს. ასე გამოეხმაურა ალექსი პეტრიაშვილი "ინტერპრესნიუსთან" საუბარში იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებას, რომ ის პოლიტიკურ გაერთიანება "თავისუფალ დემოკრატებს" დღეს ოფიციალურად დატოვებს.

"ეს ბუნებრივიც არის, იმიტომ, რომ ქალბატონმა თეამ 2 წლის წინ შეიჩერა პარტიის გამგეობის და პარტიის წევრობა. მაშინ მან გადაწყვიტა და სურვილი ჰქონდა ასეთი, რომ იუსტიციის მინისტრობა უნდა წარემართა პარტიული დატვირთვის გარეშე. წარმატებას ვუსურვებ ამ საქმიანობაში, წინ დიდი ამოცანები აქვს. მას თავისი არჩევანი და შეხედულებები აქვს და არაფერი ამაში განსაკუთრებული არ ხდება. უბრალოდ, დღეს ეს ფორმალობა ოფიციალურად, დოკუმენტალურად ფორმდება", - განაცხადა პეტრიაშვილმა.

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი პოლიტიკურ გაერთიანება "თავისუფალ დემოკრატებს" დღეს ოფიციალურად დატოვებს. როგორც თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამასთან დაკავშირებით "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერს, ირაკლი ალასანიას დღეს მიმართავს.   

"მე დღეს მივმართავ ჩემს მეგობარს, ძალიან ძვირფას ადამიანს, "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერს ირაკლი ალასანიას და დავტოვებ ამ პარტიას. მე მათ წარმატებას ვუსურვებ. მივიღე გადაწყვეტილება, რაც მგონია, რომ ამ კონტექსტში დღეს არის ყველაზე სწორი გადაწყვეტილება – გადაწყვეტილება ევროპული საქართველოს სასარგებლოდ. მჯერა, რომ რაც არ უნდა იყოს სიძნელეები, ხარვეზები, მთავრობის მუშაობაში, მთავრობას აქვს ერთადერთი კურსი - ეს არის ევროატლანტიკური კურსი. ეს არის ჩემი გადაწყვეტილება ევროატლანტიკური კურსის სასარგებლოდ - ჩემს მთავრობასთან, მინისტრ კოლეგებთან ერთად, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გავაგრძელო ისეთივე დაუღალავი შრომა, როგორსაც იუსტიციის სამინისტრო, თითოეული თანამშრომელი ახორციელებდა ბოლო ორი წლის მანძილზე. აქედან გამომდინარე, ევროატლანტიკური კურსისათვის მეც და მთავრობასაც გვაქვს ძალიან ბევრი სამუშაო და ამ სამუშაოს ჩვენ ვაგრძელებთ", - განაცხადა თეა წულუკიანმა.