ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი ალექსი პეტრიაშვილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი განცხადებას უსაფუძვლოს უწოდებს. "ინტერპრესნიუსთან" საუბარში ალექსი პეტრიაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში ვერ მოიხსნა განცდა საქართველოში პოლიტიკური ნიშნით დევნასთან დაკავშირებით, რაზეც პირდაპირ პასუხისმგებელი არიან მაია ფანჯიკიძე, ირაკლი ალასანია და თუნდაც ალექსი პეტრიაშვილი.
"სამწუხაროდ, ეს არის ყოვლად უსაფუძვლო, უპასუხისმგებლო და ადამიანურად უმადური განცხადება, რომელიც პრემიერ-მინისტრმა გააკეთა. ჩვენ ერთად ვიყავით იმ ბრძოლაში და ერთად მივაღწიეთ ყველა წარმატებას, რომელსაც საგარეო პოლიტკურ ფრონტზე მიაღწია საქართველომ. ეს ჰაერიდან რომ არ მოდის, ყველამ კარგად იცის და ამ ადამიანების წვლილი არის გადამწყვეტი. ამის შესახებ იცის თითოეულმა ჩვენმა მეგობარმა საერთაშორისო თანამეგობრობაში და ქართულმა საზოგადოებამაც. ძალიან კარგად იციან, ვის რა წვლილი აქვს შეტანილი. ამიტომ, ახლა, "ნაციონალური მოძრაობის" მეთოდებით მცდელობა, რომ ეს ლიდერები "გააშავოს" პირადად პრემიერ-მინისტრმა, კრახისთვის არის განწირული, ეს წინასწარ შემიძლია მას ვუწინასწარმეტყველო. საზოგადოებამ იცის სიმართლე და სიმართლე ყოველთვის პოულობს თავის გზა - კვალს", -განაცხადა პეტრიაშვილმა.
კითხვაზე, 2 წლის განმავლობაში ამ კუთხით რაიმე საყვედური ყოფილა თუ არა პრემიერის მიერ, ალექსი პეტრიაშვილმა განაცხადა, რომ მსგავსი რამ არასდროს მომხდარა და არასდროს ამაზე საუბარი არ ყოფილა.
"რა თქმა უნდა, ვერანაირად ვერ იქნებოდა, იმიტომ, რომ ის თვითონ იყო ამის შემსწრე. ყველგან, ყველა შეხვედრებზე და ვიზიტებზე ანგარიშები იწერებოდა. რის საფუძველზე საუბრობს ამას ირაკლი ღარიბაშვილი, ამისი არავითარი საფუძველი არ არსებობს. ეს არის ნაწყენი კაცის, ემოციური კაცის განცხადება. ეს ისევ და ისევ, როგორც ტელეინტერვიუში დაადასტურა ბიძინა ივანიშვილმა, პოლიტიკური სიმწიფის ნაკლებობის გამოა", -განაცხადა პეტრიაშვილმა.
მისივე თქმით, პრემიერი კიდევ ბევრჯერ შეიძლება ამ პრობლემის წინაშე დადგეს, თუ დროზე არ გადაალაგებს თავის სტრატეგიას, რომელიც ამ ეტაპზე "აშკარად ძალიან წამგებიანი და დამღუპველია მისთვის".
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს განაცხადა, რომ ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში ვერ მოიხსნა განცდა საქართველოში პოლიტიკური ნიშნით დევნასთან დაკავშირებით, რაზეც პირდაპირ პასუხისმგებელი არიან მაია ფანჯიკიძე, ირაკლი ალასანია და თუნდაც ალექსი პეტრიაშვილი. მისი განმარტებით, აღნიშნული განცდის მოხსნა შედიოდა უშუალოდ საგარეო საქმეთა სამინისტროს კომპეტენციაში, თუმცა მინისტრმა და მისმა გუნდმა, რომელშიც პირდაპირ იყო ჩართული ირაკლი ალასანია, ეს ვერ მოახერხა.
ამასთან, ღარიბაშვილის მტკიცებით, ევროპასა და ამერიკაში ვიზიტების დროს ალასანია ღიად აცხადებდა, რომ სააკაშვილის დროს მიღწეული რეფორმები იყო სამაგალითო და ახალი ხელისუფლება სწორედ მას უნდა დაფუძნებოდა.