თბილისის საკრებულოში "თავისუფალ დემოკრატებს" დამოუკიდებელი ფრაქცია ექნებათ, - ამის შესახებ დღეს თბილსიის საკრებულოში ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენელმა გიორგი მუსხელიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ახლახანს საკრებულოში ჩატარდა ფრაქციის სხდომა და საკრებულოს კოალიცია "ქართული ოცნებიდან" გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს.
გიორგი მუსხელიშვილის განცხადებით, ფრაქციას შეეცვლება სახელწოდება და "ქართული ოცნება – თავისუფალი დემოკრატების" ნაცვლად, ამიერიდან ეწოდება "თავისუფალი დემოკრატები".
მუსხელიშვილმა აღნიშნა, რომ ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" წევრები აქტიურად ითანამშრომლებენ საკრებულოს სხვა წევრებთან ერთად – დედაქალაქისათვის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე.
"თბილისს რაც სჭირდება იმას ჩვენ გავაკეთებთ, ვინაიდან ამომრჩეველთან ამაზე გვაქვს დაპირება მიცემული", - აღნიშნა გიორგი მუსხელიშვილმა.
ფრაქცია სულ 4 წევრისაგან შედგება.