ამერიკის შეერთებულ შტატებთან მჭიდრო თანამშრომლობას ვაგრძელებთ

ამერიკის შეერთებულ შტატებთან მჭიდრო თანამშრომლობას ვაგრძელებთ

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლევან იზორიას განცხადებით, უწყება ამერიკის შეერთებულ შტატებთან მჭიდრო თანამშრომლობას აგრძელებს. ამის შესახებ ლევან იზორიამ ჟურნალისტებს პოლიციის აკადემიაში სისხლის სამართლებრივი გამოძიების ინსტრუქტორთა კურსის გახსნის შემდეგ განუცხადა.       

"ჩვენ ვაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას და სხვადასხვა პროექტების განხორციელებას ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად, ზოგადად შინაგან საქმეთა სამინისტროს განვითარებასა და ამ შემთხვევაში, პოლიციის აკადემიის განვითარების საქმეში. დღევანდელი ღონისძიება არის INL - ის მიერ ორგანიზებული და მიზნად ისახავს გამოძიების სფეროში ინსტრუქტორთა მომზადებას სხვადასხვა უწყებებიდან. შესაბამისად, ჩამოყალიბდება უწყებათაშორისი თანამშრომლობის უფრო ეფექტიანი მექანიზმი იმისთვის, რომ მოხდეს საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრება საქართველოში", - განაცხადა იზორიამ.

მისივე განცხადებით, კურსგავლილი ინსტრუქტორები საქართველოში მოქმედ და მომავალ გამომძიებლებს მოამზადებენ.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორიამ და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა შსს-ის აკადემიაში სისხლის სამართლებრივი გამოძიების ინსტრუქტორთა კურსი საზეიმოდ გახსნეს.

სისხლის სამართლის გამოძიების ინსტრუქტორთა 6-კვირიანი კურსი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს (INL) მიერ არის ინიცირებული და ორგანიზებული. კურსის საზეიმო გახსნის ცერემონიას შსს-ს აკადემიის რექტორი ნუკრი გელაშვილი, აშშ-ს საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს ხელმძღვანელი ტრეისი ნიუველი, მრჩეველი პოლიციის საკითხებში მაიკლ უილსონი და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.

აღნიშნული კურსი, რომელიც საქართველოში პირველად ხორციელდება, განკუთვნილია შინაგან საქმეთა სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს და მთავარი პროკურატურის გამომძიებლებისა და პროკურორებისთვის. ინსტრუქტორთა მომზადების კურსს შეერთებული შტატების გამოცდილი სამართალდამცავი და სამართლის მცოდნე სპეციალისტები გაუძღვებიან.

სწავლების დასრულების შემდეგ, მომზადებული ქართველი ინსტრუქტორები თავად შეძლებენ აღნიშნული კურსის ჩატარებას. პროგრამა შედგება 240 საათიანი საგამოძიებო და მეთოდოლოგიის სალექციო კურსისგან, რომელიც საუკეთესო პრაქტიკის საერთაშორისო სტანდარტებზეა აგებული.

კურსი მიზნად ისახავს ინსტრუქტორების მომზადებას სისხლის სამართლის გამოძიების საბაზისო სტანდარტული პროგრამით, რომელიც ადაპტირებულია საქართველოს კანონმდებლობასთან და ქართულ რეალობაზეა მორგებული.