საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, რიჩარდ ნორლანდის განცხადებით, დაახლოებით 20 წელზე მეტი წლის წინ ვერც კი იფიქრებდა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მივიდოდა. ამის შესახებ რიჩარდ ნორლანდმა პოლიციის აკადემიაში, სისხლის სამართლებრივი გამოძიების ინსტრუქტორთა კურსის გახსნაზე განაცხადა.
"1989 წელს, როდესაც რუსეთში ვიყავი ელჩი, ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მოვიდოდი. ახლა კი აქ ვიმყოფები, დამოუკიდებელი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში. ჩვენ ვამაყობთ საქართველოსთან თანამშრომლობით. საქართველო შესანიშნავი პარტნიორია და ჩვენ გვაკავშირებს საერთო ღირებეულებები", - განაცხადა ელჩმა.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორიამ და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა შსს-ის აკადემიაში სისხლის სამართლებრივი გამოძიების ინსტრუქტორთა კურსი საზეიმოდ გახსნეს.
სისხლის სამართლის გამოძიების ინსტრუქტორთა 6 კვირიანი კურსი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს (INL) მიერ არის ინიცირებული და ორგანიზებული. კურსის საზეიმო გახსნის ცერემონიას შსს-ს აკადემიის რექტორი ნუკრი გელაშვილი, აშშ-ის საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს ხელმძღვანელი ტრეისი ნიუველი, მრჩეველი პოლიციის საკითხებში მაიკლ უილსონი და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.