"თავისუფალი დემოკრატები” საპარლამენტო უმრავლესობას დღეს ოფიციალურად დატოვებენ

პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე სავარაუდოდ უმრავლესობის რიგებიდან ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" გასვლისა და უმრავლესობაში ორი ახალი ფრაქციის გაწევრიანების საკითხზე იმსჯელებენ.

საპარლამენტო უმრავლესობაში დამოუკიდებელი ფრაქცია "უპარტიო, დამოუკიდებელი მაჟორიტარები" შედის. აღნიშნულ ფრაქციაში "ნაციონალური მოძრაობიდან" გასული ექვსი მაჟორიტარი დეპუტატი არის გაერთიანებული. კერძოდ, ამ ფრაქციის წევრები არიან: კახა ოქრიაშვილი, გიორგი გოზალიშვილი, გოდერძი ბუკია, გოგი ლიპარტელიანი, ენზელ მკოიანი, სერგო ხაბულიანი.

უმრავლესობაში შევა ახლად შექმნილი ფრაცია სახელწოდებით "დამოუკიდებელი მაჟორიტარები-ძლიერი რეგიონებისათვის". ამ ფრაციას "ნაციონალური მოძრაობიდან" გასული ის დეპუტატები ქმნიან, რომლებიც ამ დრომდე პარლამენტში დამოუკიდებელი დეპუტატების სტატუსით საქმიანობდნენ. აღნიშნულ ფრაქციას გოჩა ენუქიძე უხელმძღვანელებს და მის შემადგენლობაში შედიან: გურამ მისაბიშვილი, მარიკა ვერულაშვილი, გიორგი ფეიქრიშვილი, იაშა შერვაშიძე, ანზორ ბოლქვაძე. 

გარდა ამისა, ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მსჯელობის საგანი სავარაუდოდ იქნება იმ კვოტების საკითხი, რომელიც საპარლამენტო კომიტეტებსა და დელეგაციებში "თავისუფალ დემოკრატებს", როგორც უმრავლესობის წევრებს ჰქონდათ დაკავებული. ასევე შესაძლოა შეიცვალოს დელეგაციებისა და კომიტეტების შემადგენლობა. გამორიცხული არ არის, დღის წესრიგში დადგეს პარლამენტის სპიკერატიდან "თავისუფალი დემოკრატების" წევრის ზურაბ აბაშიძის გაწვევის საკითხი, რადგან აბაშიძეს ვიცე-სპიკერის თანამდებობდა უმრავლესობის კვოტით აქვს დაკავებული, "თავისუფალმა დემოკრატებმა" კი უმრავლესობის რიგები დატოვეს.