რუსეთმა უნდა შეასრულოს საკუთარი ვალდებულებები და უკრაინიდან ჯარები გაიყვანოს. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საქმეებში, ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა.
"ღრმა შეშფოთებას იწვევს ეუთო-ს სპეციალური მონიტორინგის მისიის მიერ ბოლოს გავრცელებული ინფორმაცია უკრაინაში, სეპარატისტების მიერ კონტროლირებად რეგიონებში მძიმე შეიარაღების, ტანკებისა და სამხედროების კოლონების გადაადგილება დასავლეთისკენ", - ნათქვამია ფედერიკა მოგერინის განცხადებაში.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა რუსეთს ასევე მოუწოდა, არ დაუშვას აღმოსავლეთ უკრაინაში სამხედრო მოქმედებების გამწვავება და ზეწოლა მოახდინოს ტერორისტებზე, რათა მათ დაიცვან მინსკში მიღწეული შეთანხმების პირობები.
ეუთო-ს დამკვირვებლებმა გუშინ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ დონეცკის ოლქში 40-ზე მეტი სატვირთო ავტომანქანისგან შემდგარი კოლონა შენიშნეს.