მაია ფანჯიკიძე - ალასანიას ჰქონდა დიდი ავტორიტეტი საზღვარგარეთ და ამ სფეროში გამოუცდელი კაცის დანიშვნა პროცესებს აუცილებლად შეაფერხებს

მაია ფანჯიკიძე - ალასანიას ჰქონდა დიდი ავტორიტეტი საზღვარგარეთ და ამ სფეროში გამოუცდელი კაცის დანიშვნა პროცესებს აუცილებლად შეაფერხებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ძალიან კარგად იცოდა, რომ თუ ალასანიას გაათავისუფლებდა თანამდებობიდან, ალექსი პეტრიაშვილი, მე და დავით ზალკალიანი აუცილებლად გადავდგებოდით, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, მაია ფანჯიკიძემ "იმედის" ეთერში განაცხადა. 

მისი თქმით, ალასანიას თავდაცვის მინისტრობიდან გათავისუფლებამდე, იგი შეხვდა ღარიბაშვილს და ალასანიას მოხსნასთან დაკავშირებით პოზიცია გააცნო.

"ირაკლი ღარიბაშვილმა ძალიან კარგად იცოდა, რომ ჩვენ მივიღებდით ამ გადაწყვეტილებას. ამის შემდეგ კონსულტაციები არავის ჰქონია. არანაირი მცდელობა, რომ ჩვენ ასე ჯგუფურად ეს გადაწყვეტილება არ მიგვეღო, არ ყოფილა. ყოველივე ამის მერე, ინიშნება თავდაცვის მინისტრად მინდია ჯანელიძე, რომელსაც ძალიან დიდ პატივს ვცემ, მაგრამ არის აბსოლუტურად უცხო ამ ამბავში. მან ეს ყველაფერი, რაც ირაკლის უკვე ჰქონდა, თავიდან უნდა ააშენოს. ირაკლი ალასანიას ჰქონდა არაჩვეულებრივი კონტაქტები, დიდი ავტორიტეტი საზღვარგარეთ და ამ დროს, ამ სფეროში გამოუცდელი კაცის დანიშვნა, აუცილებლად შეაფერხებს პროცესებს", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ. 

მისი თქმით, გეგმაა გაწერილი, როდის რა უნდა მომხდარიყო, რათა ქვეყანამ თებერვალში, ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალზე, ყველაფერი ის მიიღოს, რაც სურს. "ამ ყველაფრის მერე, პრემიერი გამოდის და ალასანიას მისამართით უჭკუოს, მოღალატეს და მსგავს სიტყვებს ამბობს - რა გზავნილია ეს უცხოელებისთვის, როდესაც შენ ეუბნები ყველა დასავლელ პარტნიორს ნატო-ში, ნატო-ს გენერალური მდივნიდან დაწყებული, დამთავრებული მსოფლიოს თავდაცვის მინისტრებით, რომ ის კაცი, ვისაც შენ 2 წელი ელაპარაკებოდი, არის უნიჭო, უჭკუო, უპასუხისმგებლო, ავანტიურისტი და მოღალატე, ეუბნები, რომ ის ყველაფერი, რაც მანამდე მან ილაპარაკა, ძალაში აღარ არის. ის გუნდი, რომელიც წავიდა, არის ის გუნდი, რომელმაც ყველაზე კარგად იცის, რა წერია იმ გეგმაში, რისი მიღწევაც ჩვენ გვინდა ნატო-სგან. ჩვენ ვიქნებით ის გუნდი, რომელიც ამ ყველაფერს ძალიან მკაცრად გააკრიტიკებს", - განაცხადა ფანჯიკიძემ.