ლია მუხაშავრია ქვეყანაში არსებულ ვითარებას

ლია მუხაშავრია ქვეყანაში არსებულ ვითარებას "მხედრიონის" პერიოდს ადარებს

ის, რაც დღეს ხდება, "მხედრიონის" დროს ხდებოდა, - ამის შესახებ უფლებადამცველმა ლია მუხაშავრიამ "ინტერპრესნიუსს" ბიძინა ივანიშვილის სატელევიზიო გამოსვლის იმ ნაწილის შეფასებისას განუცხადა, რომელიც თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების გრიფით "საიდუმლო" საქმეს ეხება. 

მუხაშავრიას შეფასებით, თუ ვინმეს ეჭვი ეპარებოდა, რომ ქვეყანას ერთი კაცი - ბიძინა ივანიშვილი მართავს, გუშინდელი სატელევიზიო ეთერის შემდეგ, ეს ყველასთვის ცხადი გახდა. 
"მხედრიონის" დროს ხდებოდა ეს, როდესაც ჯაბა იოსელიანი მართავდა ყველას და ყველაფერს, ისე, რომ არც კონსტიტუციით და არც კანონმდებლობით, მას ამის უფლებამოსილება არ ჰქონდა. ის არ იყო არჩეული და მანდატის მქონე პირი", - განაცხადა ლია მუხაშავრიამ. 

მისი თქმით, "ვინც არ იყო დარწმუნებული, რომ ბატონი ბიძინა ზის თავის შუშის სასახლეში და მართავს მთელს მთავრობას, თავის - პროკურატურიან-გამომძიებლებიანად, მათთვის ეს ცხადი გახდა". "თუ კი ვინმეს რამეში ეჭვი ეპარებოდა, ახლა გაარკვია და ეს კარგია, ამის შედეგად, სათანადო დასკვნებიც უნდა გააკეთონ, რომ არ შეიძლება ყველაფერი მართოს ადამიანმა, რომელიც გასულია კონსტიტუციის, კანონის ფარგლებიდან. ის ერთი კერძო პირია, თუმცა სინამდვილეში ყველა და ყველაფერია. 

ჩვენ ყველამ ვიცოდით, რომ ამ ქვეყანაში სასამართლო არ არის დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი, ასევე არ არის გამოძიება. ეს ევროსასამართლომ თავის დადგენილებებში აღნიშნა. ეს ხდებოდა სააკაშვილის დროს თუ ხდება ღარიბაშვილის დროს, განსხვავება დიდი არ არის, რადგან სისტემა იგივეა და ეს ძალიან საშიშია. ყველამ უნდა იცოდეს, რომ თუ ასეთი რამ ხდება ქვეყანაში, იმ სახელმწიფოში არ ლაპარაკობენ არც დემოკრატიაზე, არც დემოკრატიულ პროცესებზე და არც მსართლმსაჯულებაზე. ასეთ ქვეყნებში ლაპარაკობენ ავტორიტარულ რეჟიმზე", - განაცხადა ლია მუხაშავრიამ. 

საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს თავდაცვის სამინისტროს ტენდერთან დაკავშირებით შეკითხვები აქვს. როგორც ბიძინა ივანიშვილმა "საზოგადოებრივ მაუწყებელზე" "მოამბესთან" საუბრისას განაცხადა, იგი ეცადა, კითხვები თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ალასანიასთვის დაესვა. 

"ინტერნეტპროვაიდერები ერთმანეთში არიან საშინელ კონკურენციაში, ხოცავენ ერთმანეთს. ეს ემთხვევა იმას, რომ "სილქნეტს" ჰქონდა იგივე პროექტი ამ მიმართულებით გაყვანის. დაემთხვა თავდაცვის სამინისტროს მაგისტრალზე ტენდერის გამოცხადებას, "სილქნეტის" პროგრამას დაემთხვა, მაგრამ ამაში ცუდი არაფერია. მთავარი ისაა, რომ კითხვა ჩანს, ჯერ რად უნდოდა მაგისტრალი? მერე მეორე, თუ წვერებზეა საუბარი, რაზეც საბოლოოდ კონტრაქტი დაიდო, "დელტაკომს" უკვე 80 % გაყვანილი ჰყავდა ქუჩის მეორე მხარეს. ეს გასაგებია, რომ ინტერნეტპროვაიდერებს ერთმანეთში კონკურენცია აქვთ, მაგრამ თავდაცვის სამინისტრო რა შუაშია", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ყოფილი პრემიერი ტენდერის ვადაზე ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ მისთვის გაუგებარია, სად ეჩქარებოდა თავდაცვის სამინისტროს. ყოფილი პრემიერისთვის შეკითხვებს ბადებს ავანსის გადარიცხვის საკითხიც. ბიძინა ივანიშვილი ინტერესდება, რატომ იჩქარა უწყებამ თანხის გადარიცხვა. 

თავდაცვის სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირები 28 ოქტომბერს დააკავეს. პროკურატურის ბრალდებით, მათ 4 მილიონზე მეტი ლარი გაფლანგეს, "სილქნეტთან" შესყიდვით, რომელიც ოპტიკურ-ბოჭკოვან ხაზს ეხება. საქმეს გრიფით საიდუმლო ადევს.