ეკა ბესელია - ბიძინა ივანიშვილი, ოპონენტებისგან განსხვავებით, აბსოლუტურად ზუსტ შეფასებებს აკეთებს

ეკა ბესელია - ბიძინა ივანიშვილი, ოპონენტებისგან განსხვავებით, აბსოლუტურად ზუსტ შეფასებებს აკეთებს

იმას, რაზეც ბიძინა ივანიშვილმა ისაუბრა, სჭირდება კარგი ანალიტიკური უნარი, ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გუშინ, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში გაკეთებული განცხადებების შეფასებისას განუცხადა. 

"მასალები, რომელიც არსებობს და გასაჯაროვდა პროკურატურის ოფიციალური განცხადებებით, ინფორმაცია, რომელიც მას ჰქონდა, როგორც ყოფილ პრემიერ-მინისტრს, პრემიერობის პერიოდში და ეს ინფორმაციაც არსებობს, ამას სჭირდება უბრალოდ კარგი ანალიზი. ბიძინა ივანიშვილს აქვს არაჩვეულებრივი ანალიტიკური უნარი, განსხვავებით ჩვენი ოპონენტებისგან და ის აკეთებს აბსოლუტურად ზუსტ შეფასებებს", - აღნიშნა ეკა ბესელიამ. 

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, პროკურატურასთან დაპირისპირება ირაკლი ალასანიას შეცდომა იყო. როგორც ივანიშვილმა "საზოგადოებრივ მაუწყებელთან" ინტერვიუში განაცხადა, ერთადერთი სწორი პოზიცია იქნებოდა, ალასანიას პროკურატურისთვის გამოძიების საშუალება მიეცა და ამ პროცესში თავადაც დახმარებოდა.

"ირაკლი ალასანიამ პოლიტიკური მიმართულებით წაიყვანა პროცესი და პოლიტიკური განცხადებები გააკეთა. პრაქტიკულად, დაპირისპირება მოხდა პროკურატურასთან, რაც იყო შეცდომა. იმ გამოცდილების მქონე პოლიტიკოსისგან, როგორიც ირაკლია, ერთადერთი სწორი პოზიცია იქნებოდა, მაქსიმალურად მიეცა საშუალება პროკურატურისთვის და თვითონაც დახმარებოდა. თავისი გამოსვლებით და პოზიციით კი ის, გამოძიებას, პრაქტიკულად, დაუპირისპირდა", - განაცხადა ივანიშვილმა.

ყოფილი პრემიერის შეფასებით, თავდაცვის სამინისტროს დაკავებული მაღალჩინოსნების საქმე არ არის პოლიტიკურად მოტივირებული. "ამას დაუდეს პოლიტიკური სარჩული, რომ არის პოლიტიკურად ანგაჟირებული, თუმცა ამის თქმის არავითარი საფუძველი არ არსებობდა. გასაგებია, რომ პროკურატურასთან არსებობს შეკითხები – უფრო მეტად საზოგადოებისგან იმასთან დაკავშირებით, რომ არ იყო ლამაზი დაკავება მაშინ, როცა მინისტრი საქართველოში არ იმყოფებოდა, მაგრამ ესეც კი აჩვენებს იმას, რომ ეს ყველაფერი წინასწარ "დალაგებული" არ იყო. ეს რომ პოლიტიკურად ანგაჟირებული ყოფილიყო, თავდაცვის მინისტრის დაბრუნებას დაელოდებოდა ის პოლიტიკოსი, ვინც დაუკვეთა – პრემიერზე თუ ვისზეც აქვთ მინიშნება, მაგრამ ყველაფერი სწორედ რომ პირიქითაა. შეიძლება პროკურატურამ დაკავება მოახდინა არაკორექტულ დროს, მაგრამ უფლებამოსილებისთვის არ გადაუჭარბებია და არავითარი კანონი არ დაურღვევია", - განაცხადა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და განმარტა, რომ "ვერავითარ ტრაგედიას" ვერ ხედავს ვერც იმაში, რომ ე.წ. კაბელების საქმიდან რამდენიმე დღის შემდეგ პროკურატურამ სამხედროების მასობრივი დაავადების საქმეც გახსნა.