მალე 10 000 დევნილი ოჯახი საცხოვრებელ ფართს საკუთრებაში მიიღებს

მალე 10 000 დევნილი ოჯახი საცხოვრებელ ფართს საკუთრებაში მიიღებს

დევნილთა და განსახლების სამინისტრომ ახალი პროექტი დაიწყო, რომლის ფარგლებშიც საცხოვრებელი ფართი 10 000 - მდე დევნილ ოჯახს დაუკანონდება.

იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემის პროექტი, რომელიც მთავრობის განკარგულებით დამტკიცდა, 1-ლი ნოემბრიდან დაიწყო და 10 თვის განმავლობაში გაგრძელდება. პროექტის ფარგლებში შესწავლილ იქნება 815-მდე დევნილთა ჩასახლება.

პროექტი ორ ეტაპადაა დაყოფილი. პირველ ეტაპზე, 2 თვის განმავლობაში, მოხდება დევნილთა ჩასახლებების შესწავლა. მეორე ეტაპი, რომელიც 8 თვე გაგრძელდება, დევნილებისთვის საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემას ითვალისწინებს.

აღნიშნული პროექტის წარმატებით განსახორციელებლად სამინისტრომ დროებით 64 ახალი თანამშრომელი აიყვანა. კადრების შერჩევა ღია კონკურსის წესით განხორციელდა. შერჩეული კანდიდატები ორდღიანი ტრენინგის გავლის შემდგომ დაიწყებენ მუშაობას.