„თრუსოს, გუდის და ყაზბეგის ხეობები ისტორიულ მესაკუთრეებს - ოსებს უნდა დაუბრუნდეს“

„თრუსოს, გუდის და ყაზბეგის ხეობები ისტორიულ მესაკუთრეებს - ოსებს უნდა დაუბრუნდეს“

ე.წ. სამხრეთ ოსეთის ყოფილი დე ფაქტო პრეზიდენტის ედუარდ კოკოითის განცხადებით, მასზე, რომ იყოს დამოკიდებული, ეს ტერიტორიები დიდი ხანია, ერთიანი ოსეთის შემადგენლობაში იქნებოდა.

 „ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, თრუსოს, გუდის და ყაზბეგის ხეობები დიდი ხანია, ერთიანი ოსეთის შემადგენლობაში იქნებოდა, ეს საკითხი ყველა დონეზე უნდა დადგეს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ომი უნდა გამოვაცხადოთ, ჩვენ უნდა გამოვიყენოთ დიპლომატიური მეთოდი, რომ ყველანაირი პირობა შევქმნათ, რათა ეს ტერიტორიები ისტორიულ მესაკუთრეებს - ოსებს მშვიდობიანად დაუბრუნდეთ, რადგან იქ ბევრი ოსური სოფელი ქართული ქვედანაყოფებების პოლიგონებად იქცა“, -  განაცხადა კოკოითმა.

ამასთან, კოკოითმა უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ ოსები „საქართველოში დარბიან, მერე უკან ბრუნდებიან და საქართველოს აქებენ“.

"ჩვენ რატომღაც ყველაფერს მალე ვივიწყებთ, არ მომწონს ჩვენი დების და ძმების ქმედებები, რომლებიც რაღაც სახალხო დიპლომატიის ტიპის შეხვედრებს მართავენ. დარბიან საქართველოში. საქართველომ ოსი ხალხის გენოციდი განახორციელა და არც უღიარებია, არც პასუხისმგებლობა აუღია. ესენი კი ქართულ კურორტებზე გარბიან. ყირიმი გახსნილია, სოჭიც, წადით, იქ დაისვენეთ. ასიათასობით დოლარს ხარჯავენ ქართულ კაზინოებში დღე-ღამეში, თუ ნამდვილი ოსი პატრიოტია ბავშვებს დაეხმაროს. ჩადიან სამკურნალოდ და ა.შ, ჩამოდიან და საქართველოს აქებენ. ადამიანებს ეროვნული სიამაყე უნდა ჰქონდეთ, თუმცა ძალიან სამწუხაროა, ბევრს ეს სიმაყე არ აქვს. მათთვის დოლარი და კარგი ქართული სიმღერა, ეროვნულ სიმაყესა და თავისი ხალხის მომავალზე მეტია", - განაცხადა კოკოითმა.