„დღევანდელ ყრილობაზე საზოგადოებას სიურპრიზებს არ შევთავაზებთ“

„დღევანდელ ყრილობაზე საზოგადოებას სიურპრიზებს არ შევთავაზებთ“

ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ვიქტორ დოლიძემ „პირWელთან“ საუბრისას პარტიის ყრილობის დაწყების წინ განაცხადა.

როგორც დოლიძემ აღნიშნა, ეს იქნება პოზიტიური ხასიათის შეკრება პარტიის დამფუძნებლებს, მხარდამჭერებს და საზოგადოებას შორის.

„ძირითად იდეოლოგიურ-პოლიტიკურ ხედვებსა და გეგმებზე ჩვენს პოზიციას მკაფიოდ დავაფიქსირებთ. ჩვენ არანაირ სიურპრიზს არ ვთავაზობთ საზოგადოებას, სხვებისგან განსხვავებით. სამწუხაროდ, უკვე ბევრი სიურპრიზი მივიღეთ“, - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

რაც შეეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, თავდაცვის მინისტრის პოსტიდან ირაკლი ალასანიას თანამდებობიდან გადაყენება საფრანგეთში გაფორმებულ ხელშეკრულებას უკავშირდება, ვიქტორ დოლიძემ ამ თემაზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

„არ მსურს ამ თემაზე საუბარი. ეს უნდა ჰკითხოთ თავდაცვის სამინისტროს. ვიზიტის თაობაზე ინფორმაციის მისაღებად ამ უწყებას მიმართეთ“, - აღნიშნა ვიქტორ დოლიძემ.

შეგახსენებთ, რომ 15:00 საათზე „თავისუფალი დემოკრატების“ ყრილობა დაიწყება. ფილარმონიაში  პოლიტიკოსები და პარტიის მხარდამჭერები იკრიბებიან.