"თავისუფალი დემოკრატების" ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება

დღეიდან "თავისუფალი დემოკრატების" ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფილარმონიაში მისულმა ევროინტეგრაციის საკითხებში ყოფილმა მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა განუცხადა.

პეტრიაშვილი დარწმუნებულია, რომ ახალი გზა საინტერესო, ენერგიული, ევროპული და ევროატლანტიკური იქნება.

"დღეს არის ძალიან ლამაზი, თავისუფალი და დემოკრატიული დღე. "თავისუფალი დემორატების" - საკმაოდ გავლენიანი ძალის ცხოვრებაში იწყება ახალი ეტაპი. ეს ეტაპი იქნება საინტერესო, ენერგიული, ევროპული და ევროატლანტიკური. სირთულეების კი ჩვენ არასდროს შეგვშინებია", - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, "თავისუფალი დემოკრატების პოლიტიკური მდივანი ნინო გოგუაძე იქნება. გენერალური მდივნის ვინაობას კი საზოგადოება უშუალოდ ყრილობაზე გაიგებს.

"თავისუფალი დემოკრატების" ყრილობა თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება. ყრილობას პარტიის მოქმედი თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი გახსნის.