საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის რიჩარდ ნორლანდის განცხადებით, სამხედრო და უსაფრთხოების სფეროში საქართველოსა და აშშ-ის შორის მჭიდრო პარტნიორობა მომავალშიც გაგრძელდება. აღნიშნული განცხადება, რიჩარდ ნორლანდმა, თავდაცვის ახალ მინისტრ მინდია ჯანელიძესთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა, რომელიც თავდაცვის სამინისტროში გაიმართა.
რიჩარდ ნორლანდმა თავდაცვის ახალ მინისტრთან შეხვედრა დადებითად შეაფასა.
"უპირველეს ყოვლისა, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო ირაკლი ალასანიას მინისტრობის დროს ამერიკის შეერთებულ შტატებთან მჭიდრო თანამშრომლობა. მოხარული ვარ, რომ თავდაცვის ახალმა მინისტრმა მინდია ჯანელიძემ დღეს თავდაცვის უწყებაში მომიწვია. როგორც მან აღნიშნა, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია და სიმბოლურად სურდა, სწორედ აშშ-ის ელჩი ყოფილიყო მისი პირველი სტუმარი. ეს იმის ნიშანია, რომ ჩვენ გავაგრძელებთ ორმხრივ თანამშრომლობას თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არანაირი ცვლილება არ მოხდება და საქართველოს კურსი ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ურყევია. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია. შევთანხმდით, რომ ეს შეხვედრა კარგი საფუძველი იქნება და მომავალშიც გავაგრძელებთ მნიშვნელოვან და მჭიდრო თანამშრომლობას აშშ-სა და საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში", - განაცხადა ნორლანდმა. .
თავდაცვის სამინისტროში შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდნენ, აშშ-ის თავდაცვის ატაშე საქართველოში, პოლკოვნიკი მეთიუ დიმიკი და საელჩოს პოლიტიკური ოფიცერი ერიკ ჰანი.