უნგრეთი მზად არის მხარი დაუჭიროს საქართველოს ინტეგრაციას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. ამის შესახებ საქართველოში ვიზიტად მყოფმა უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა, პიტერ სიიარტომ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, თამარ ბერუჩაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, მათთვის სასიხარულოა, რომ საქართველო ამ პროცესის ერთგულია.
"ვთვლი, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი უნდა დაჩქარდეს და ვფიქრობთ, ეს ახალ დინამიკას შესძენს თავად ევროკავშირსაც. როდესაც ჩვენ ვხდებოდით ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ჩვენ ბევრი ნაბიჯის გადადგმა დაგვჭირდა, მინდოდა გვესარგებლა ევროკავშირის წევრობით, თუმცა ევროკავშირმაც ისარგებლა ჩვენი წევრობით. ჩვენ ყოველმხრივ დავეხმარებით საქართველოს, რომ ვიზის ლიბერალიზაციის პროცესი დაჩქარდეს და საქართველომაც, თავის მხრივ, უნდა გააძლიეროს ძალისხმევა ამ კუთხით", - განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა.
მისივე თქმით, ისინი დიდად აფასებენ საქართველოს, როგორც ნატო-ს არაწევრი ქვეყნის უდიდეს წვლილს ნატო-ს საქმიანობაში.
"უნგრეთი მზად არის მიიღოს მონაწილეობა იმ მართვის ჯგუფში, რომელიც დაეხმარება საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესი დაჩქარდეს. რაც შეეხება საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, დღევანდელ შეხვედრაზე ნათლად და მკაფიოდ გამოვთქვი, რომ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს და არავითარი ეჭვი არ შეიძლება ვინმეს ჰქონდეს ამასთან დაკავშირებით", - განაცხადა ტიტერ სიიიარტომ.