გასაკვირი არაფერია იმაში, რომ მთავარ პროკურორს შევხვდი

გასაკვირი არაფერია იმაში, რომ მთავარ პროკურორს შევხვდი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის აზრით, გასაკვირი არაფერია იმაში, რომ   გუშინ მთავარ პროკურორს შეხვდა. ამის შესახებ ღარიბაშვილმა რუსთავში ,გამწვანების აქციაში მონაწილეობის შემდეგ განაცხადა. პრემიერის თქმით,   მთავრობაში უამრავ შეხვედრას მართავს მის დაქვემდებარებაში არსებული უწყებების ხელმძღვანელებთან.

"ჩემს დაქვემდებარებაში არსებული უწყებების ხელმძღვანელებთან მაქვს საუბრები და ამაში რას ხედავთ უჩვეულოს", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

კითხვაზე,  გიორგი ბადაშვილთან შეხვედრაზე  ხომ არ ყოფილა საუბარი თავდაცვის სამინისტროს მღალი თანამდებობის პირების საქმეზე გრიფის მოხსნასთან დაკავშირებით, პრემიერმა აღნიშნა, რომ გრიფის მოხსნა მისი პრეროგატივა არ არის.

"არ ვერევი გრიფის მოხსნა-არმოხსნის საკითხებში, ეს არ არის ჩემი პრეროგატივა, ეს არის პროკურატურის კომპეტენცია და მას მიმართეთ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის კანცელარიაში წუხელ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და მთავარი პროკურორის, გიორგი ბადაშვილის შეხვედრა გვიან ღამემდე გაგრძელდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ არც ერთ მათგანს კომენტარი არ გაუკეთებია. შეხვედრა 3 საათზე მეტხანს გაგრძელდა და ღამის ორის ნახევრისთვის დასრულდა.

სავარაუდოდ, პრემიერმა და მთავარმა პროკურორმა თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით ისაუბრეს. შეხვედრაზე მთავარ პროკურორთან ერთად მისი მოადგილე ირაკლი შოთაძე იმყოფებოდა.