პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, თედო ჯაფარიძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, ჯენ ფსაკის განცხადებაში "დიდ პრობლემას ვერ ხედავს".
როგორც თედო ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, იგი ხვალ ამერიკის შეერთებულ შტატებში მიემგზავრება, სადაც დაგეგმილია რამდენიმე მაღალი რანგის შეხვედრები სახელმწიფო დეპარტამენტში და სხვა უწყებებში.
"არ მგონია, რომ ამის დრამატიზირება უნდა ხდებოდეს. გუშინ პარლამენტის თავმჯდომარემაც აღნიშნა, რომ არ არის სასიამოვნო მოვლენა რაც ხდება, ნებისმიერი ადამიანის დაკავება, მაგრამ ეს ხდება ამერიკაშიც, ეს ხდება სხვა ქვეყანაში, მთავარია, რომ კანონის ფარგლებში ხდებოდეს. თუ კონკრეტულ დაკავებებზე ვსაუბრობთ, დაველოდოთ პროცესს, რომელიც დამთავრდება, რომელიც დაადგენს რამდენად მართებული იყო ეს ნაბიჯი, ვინ იყო მტყუანი და ვინ იყო მართალი. რაც შეეხება ამერიკის პიზიციას, ეს გამოხატა ქალბატონმა ფსაკმა. გასაგებია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების უწყებას კონკრეტული მოსაზრება გაუჩნდა ამასთან დაკავშირებით, ამაშიც ვერ ვხედავ დიდ პრობლემას", - აღნიშნა თედო ჯაფარიძემ.
მისივე ინფორმაციით, დღეს იგი საქართველოში აშშ-ის ელჩს რიჩარდ ნორლანდს ხვდება, გუშინ კი შეხვედრა იტალიის ელჩთან გამართა.
"კონტაქტები გვაქვს და ვცდილობთ ყველა კითხვაზე, რომელიც ჩვენს კოლეგებს გააჩნია, სათანადო პასუხი გავცეთ", - აღნიშნა თედო ჯაფარიძემ.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი არ ფიქრობს, რომ საქართველო ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზიდან უხვევს, თუმცა მიიჩნევს, რომ მიმდინარე პროცესები გამოწვევებს ქმნის.
ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ჯენ ფსაკიმ თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას ირგვლივ განვითარებული მოვლენებისა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის იმ განცხადების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომლის თანახმადაც მინისტრების შეცვლა შიდაპოლიტიკური საკითხია და ქვეყნის საგარეო ურთიერთობებზე არ აისახება.
"რეგიონული უწესრიგობისა და შიდა ეკონომიკური გამოწვევების დროს, საქართველოს რაც სჭირდება, ესაა სტაბილურობა, ერთობა, კანონის უზენაესობისა რეალიზება და საზოგადოების ნდობა დემოკრატიული ინსტიტუტებისადმი. ცხადია, როდესაც ადგილი აქვს მრავალგზის, ერთდროულ გამოძიებას ყოფილი მთავრობისა და ამჟამინდელი ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ, ეს ბადებს წუხილს პოლიტიკური ანგარისწორებასთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია თავიდან იქნას აცილებული აღქმაც კი იმისა, რომ სამართალდამცავი სისტემა პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენება", - განაცხადა ფსაკიმ.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის თქმით, მათთვის ცნობილია პრემიერ-მინისტრის განცხადებების შესახებ სამართლებრივ პროცესებთან დაკავშირებით, რომ აქ შესაშფოთებელი არაფერია.
"ფაქტია, გამოძიებები ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ამჟამიდნელი ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ გრძელდება. ასე რომ, მე ვფიქრობ, მოქმედებები ამ შემთხვევაში უფრო მეტს ამბობს, ვიდრე სიტყვები", - განაცხადა ფსაკიმ.
კითხვაზე, არის თუ არა აშშ-ს ადმინისტრაციაში შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო შორდება გზას, რომლითაც ის მიდოდა, ფსაკიმ უპასუხა, რომ "არა, თუმცა მიმდინარე პროცესებს გარკვეული გამოწვევები ახლავს თან".