პრობლემას ვერ ვხედავ, რომ პრეზიდენტს პარლამენტში მოვუსმინოთ

პრობლემას ვერ ვხედავ, რომ პრეზიდენტს პარლამენტში მოვუსმინოთ

პარლამენტის გადასაწყვეტია მოუსმინოს პრეზიდენტს უშუალოდ პარლამენტში თუ მოისმინოს მხოლოდ პრეზიდენტის მიმართვა, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძემ დღეს გამართულ პრესკოფერენციაზე განაცხადა. ვახტანგ ხმალაძის თქმით, კონსტიტუცია პრეზიდენტის პარლამენტთან ურთიერთობის ორ შესაძლო სახეს განსაზღვრავს.

"ერთი - ეს არის პრეზიდენტის ვალდებულება, ერთი მხრივ და პარლამენტის ვალდებულებაც, რომ პრეზიდენტმა პარლამენტს წარუდგინოს მოხსენება ქვეყნის მდგომარეობის შესახებ. ეს უნდა მოხდეს უშუალოდ პარლამენტში. მეორე ნორმა არის ასეთი - პრეზიდენტი უფლებამოსილია მიმართოს ხალხს და პარლამენტს. პარლამენტის გადასაწყვეტია მოუსმინოს პრეზიდენტს უშუალოდ პარლამენტში თუ მოისმინოს მხოლოდ პრეზიდენტის მიმართვა, აქ ვალდებულება იმისა, რომ უშუალოდ პარლამენტში მოისმინონ მიმართვა, კანონში არ წერია. ეს დამოკიდებულია სურვილზე, მიზანშეწონილობაზე. მე, სიმართლე გითხრათ, პრობლემას ვერ ვხედავ, რომ პრეზიდენტს პარლამენტში მოვუსმინოთ", - განაცხადა ხმალაძემ.

კომიტეტის თავმჯდომარემ კიდევ ერთ საკითხზე ისაუბრა, რომელიც პრეზიდენტისა და მთავრობის ურთიერთობებს შეეხება.

ვახტანგ ხმალაძის თქმით, პრეზიდენტს მთავრობის დათხოვნის უფლება არ აქვს.

"პრეზიდენტი ვერ დაითხოვს მთავრობას იმიტომ, რომ ასეთი უფლება პრეზიდენტს აღარ აქვს. არც პარლამენტის დათხოვის უფლება აღარ აქვს. პარლამენტის დათხოვა შეუძლია ერთადერთ შემთხვევაში, თუ ბიუჯეტი არ იქნა მიღებული არც წელს და არც მომავალი წლის მარტამდე, თუ ამის მერე დაიწყო მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცესი. თუ ეს პროცესი არ იქნა მიყვანილი ბოლომდე –ანუ პარლამენტმა მთავრობა ვერ შეცვალა, მხოლოდ მაშინ შეეძლება პრეზიდენტს პარლამენტის დათხოვნა. ამიტომ ასეთი ტიპის კრიზისისაგან ძალიან მაღალი პროცენტით არის დაცული ქვეყანა და ეს კარგია. რაც შეეხება იმას რომ პარლამენტსა და მთავრობას შორის წარმოიშვას უთანხმოებები, შესაძლებელია, მაგრამ ამ უთანხმოებებიდან გამოსვლის გზები დღეს უკვე არის. სასურველია, რომ ასეთი უთანხმობები არ იყოს, ან ძალიან ნაკლები იყოს, რადგან ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სტაბილურობა იყოს ქვეყანაში. ეს არის საჭირო ეკონომიკის განვითარებისთვის", - განაცხადა ხმალაძემ.