" შევხვდი ადამიანს, რომელთანაც ბევრი რამ მაკავშირებს და კარგი ურთიერთობა მაქვს

"კოალიცია "ქართული ოცნების" დატოვებაზე არაფერს არ ვამბობ, მე მაქვს შეხვედრები იმ ადამიანებთან, რომლებსაც ანგარიშს ვუწევ", - ამის შესახებ გედევან ფოფხაძემ ირაკლი ალასანიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც ფოფხაძემ ჟურნალისტებს უთხრა, იგი ირაკლი ალასანიას შეხვდა და პირად საკითხებზე ესაუბრა.

"მე და ირაკლი ალასანიამ ერთად დავლიეთ ყავა. პირად საკითხებზე ვისაუბრეთ, პოლიტიკაზე არ გვისაუბრია. შევხვდი ადამიანს, რომელთანაც ბევრი რამ მაკავშირებს და კარგი ურთიერთობა მაქვს", - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

მისივე განცხადებით, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს იგი კოალიციის დატოვების ან დარჩენასთან დაკავშირებით, სპეციალურ ბრიფინგზე გახდება ცნობილი, რომელსაც გამართავს.

"დატოვებაზე არაფერს არ ვამბობ, მე მაქვს შეხვედრები იმ ადამიანებთან, რომლებსაც ანგარიშს ვუწევ. მიმაჩნია, რომ ადამიანმა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს მშვიდად. მეუბნებით, მოიფიქრე პასუხი და ეს ჩემთსვის გაუგებარია, ერთი წუთი რომ მაქვს "რა, სად, როდის"-ში ეს არის პრობლემა, თორემ ათი წუთი, რომ მქონდეს სწორ პასუხს აუცილებლად მოვიფიქრებ. არ მინდა, ცაიტნოტში ფიქრი, ფიქრის პროცესი უნდა იყოს წყნარი და მშვიდი, ვისაუბრეთ პირად საქმეზე და არ ვასაჯაროვებ დეტალებს", - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

მისივე განცხადებით, როდესაც კონკრეტულ გადაწყვეტილებას მიიღებს, კითხვებზე პასუხების გაცემისთვის მზად იქნება.