"თავისუფალი დემოკრატების" ახალგაზრდული ორგანიზაცია "ქართულ ოცნებას" მიმართავს

"თავისუფალი დემოკრატების" ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე დაჩი ებრალიძე იმედოვნებს, რომ კოალიცია "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციებიდან მათი გამოყოფა მომავალში ერთმანეთისთვის ტალახის სროლის საფუძველი არ გახდება.

"თავისუფალი დემოკრატების" ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე დაჩი ებრალიძე დღეს განცხადებას ავრცელებს, რომელშიც იგი ამ დღეებში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

"ინტერპრესნიუსი" განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

"თავისუფალი დემოკრატები" კოალიციას გამოვეყავით და კიდევ ერთხელ ვიწყებთ აბსოლუტურად დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარებას. ნურავის მოეჩვენება, რომ ეს ნაბიჯი, იყო ჩვენი არჩევანის ლოგიკური შედეგი. "თავისუფალმა დემოკრატებმა" თავიდანვე მივმართეთ პოლიტიკური ვექტორი დასავლეთისკენ და დღემდე ამ გეზის ერთგულები ვრჩებით.

როდესაც თავდაცვის სამინისტროზე, რომელიც წარმოადგენს საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ უწყებასა და მაკავშირებელს დემოკრატიულ ევროატლანტიკურ თანამეგობრობასთან, განხორციელდა შეტევა, სადაც იკვეთებოდა პოლიტიკური სარჩული, ჩვენ ღიად გავაპროტესტეთ. ამ მძიმე პოლიტიკურ ვითარებაში პრემიერ-მინისტრი მოგვევლინა როგორც მხარე და არა როგორც მომრიგებელი უწყებათა შორის. იყო თუ არა ეს გადახვევა საქართველოს ევროატლანტიკური კურსიდან? რა თქმა უნდა, იყო! თავდაცვის უწყების მაღალჩინოსანთა დაპატიმრება, როდესაც მინისტრი იმყოფება საზღვარგარეთ უმნიშვნელოვანეს შეხვედრებზე, არის პირდაპირი დარტყმა მინისტრის, როგორც საქართველოს დესპანის, ანუ თავად საქართველოს იმიჯზე პირდაპირი დარტყმა, თავად ვიზიტის და არა მხოლოდ ვიზიტორის დისკრედიტაციის მცდელობა. ქმნის თუ არა ეს საფუძველს ვიფიქროთ, რომ ეს არის გამიზნული ქმედება, რათა ჩვენმა უცხოელმა პარტნიორებმა ეჭვი შეიტანონ ქვეყნის საგარეო კურსის სიმყარეში?! რა თქმა უნდა, არის! მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ პრემიერ-მინისტრმა სულ რაღაც რამდენიმე საათში წარმოუდგინა საზოგადოებას ახალი მინისტრი, თითქოსდა წინასწარ მომზადებული ჰყავდა.

ერთი წამით დავუშვათ, რომ არსებობდა ამ დაკავებების გარდაუვალი აუცილებლობა, რაშიც გამოძიების მიმდინარეობა ჯერ ვერ გვარწმუნებს, ეს უნდა განხორციელებულიყო განსხვავებული ფორმით. მაგრამ არა! ნაციონალების ხელში გამოწრთობილი პროკურატურა ისევ ლაივშოუს რეჟიმში მუშაობას ამჯობინებს! ვთქვათ, ეს იყო პროკურატურის გადაცდომა, მაშინ რას ნიშნავს დაჭერების მეორე სერია თუ არა მინიმუმ - არაპროფესიონალიზმსა და მაქსიმუმ - საგანგებო დაკვეთას?! რას ემსახურებოდა და ვის დასჭირდა "კაბელების საქმის" პარალელურად, ერთწლიანი პაუზის შემდეგ "მოწამვლის საქმის" ამოტივტივება?!

ჩემი აზრით, ფუნქციადაკარგულმა ნაციონალურმა პროკურატურამ მხოლოდ მმართველი შეიცვალა - როგორც ადრე ვერ დგამდა ნაბიჯს სააკაშვილის დაკვეთის გარეშე, ისევე არ აქვს დამოუკიდებელი მოქმედების უნარი დღესაც. საინტერესოა, დღეს ვინ არის დამკვეთი? ვინ აგრძელებს და კვებავს ნაციონალურ მეთოდოლოგიას.

სამწუხაროდ, ბევრს ავიწყდება, რომ ქართული საზოგადოება უკვე გამოიწრთო პოლიტკრიმინალურ ბატალიებში და უბრალო შემთხვევითობებისა და დამთხვევების აღარ სჯერა.

თურმე ჩვენ ვმფარველობდით "ნაციონალებს", მაინტერესებს, ამდენი ხანი რას ელოდებოდით, ბატონო პრემიერო?

თურმე საქართველოში ყველაზე მაღალრეიტინგიანი პოლიტიკოსი "უჭკუო, ამბიციური, ავანტიურისტი და მოღალატეა"; ამდენი ხანი რას აკვირდებოდით, ბატონო პრემიერო?

განვმეორდები - თუ ვინმეს ჰგონია, კოალიციიდან გასვლა ჩვენი, "თავისუფალი დემოკრატების" არჩევანი იყო, ძალიან ცდება, ამის პროვოცირება, სამწუხაროდ, "ოცნების" მაღალჩინოსნობამ მოახერხა. ჩვენ გველის წინ ურთულესი გზა - უნდა შევქმნათ ოცნებასა და ნაციონალებს შორის პოლიტიკური მოქმედების საკუთარი არეალი: ერთის მხრივ, "ნაციონალები" ყველანაირად შეეცდებიან შექმნან იმიტაცია, თითქოსდა ჩვენ მათთან თანამშრომლობის სურვილი გვაქვს. მეორე მხრივ, არის პარტია "ქართული ოცნება" (კოალიციის ერთ-ერთი სუბიექტი და არა თავად კოალიცია), რომელიც ყველანაირად შეეცდება დააკნინოს ჩვენი როლი 2012 წლის გამარჯვებაში და ყველა შეცდომა თუ გადაცდომა ჩვენ გადმოგვაბრალოს.

ორი აზრი არ არსებობს, რომ 2012 წლის გამარჯვებაში დიდი წვლილი მიუძღვის ბიძინა ივანიშვილს, და უმადური უნდა იყოს ადამიანი, ეს ვერ დაინახოს. მაგრამ აქ არის მეორე მომენტიც. ალბათ ხშირად მოგისმენიათ მეოცნებეთა გამოსვლები, სადაც ისინი ამ გამარჯვებას პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილს მიაწერენ, შემდეგ პარტია "ქართულ ოცნებას" და არა კოალიცია "ქართულ ოცნებას" და მხოლოდ ხანდახან, ზოგიერთი მათგანი თუ ინამუსებს და მოიხსენიებს ხოლმე ქართველ ხალხს, სწორედ იმ ხალხს, რომელსაც არჩევნების წაგების შემთხვევაში წასასვლელი არსად ჰქონდა და ფაქტობრივად დაუცველი რჩებოდა ნაციონალური დიქტატურის წინაშე.

სწორედ აქ გადის ზღვარი ჩვენსა და "ოცნებას" შორის; ჩვენ არასდროს ვყოფილვართ თვითკმაყოფილები და არც არასდროს გავხდებით! ჩვენთვის 1 ოქტომბრის გამარჯვება იყო და ყოველთვის დარჩება პირველ რიგში ქართველი ხალხის გამარჯვებად.

მე მინდა მივმართო ჩემს მეგობრებს, კოალიცია "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციების წევრებს. ჩვენ უკვე ერთმანეთის ისტორიის ნაწილი ვართ. იმედია, ჩვენი პოლიტიკური გზების გაყრაც კი არ გახდება მომავალში ერთმანეთთან ოპონირების პროცესში ტალახის სროლის საფუძველი. ნუ დავჩრდილავთ ასე ერთსულოვნად მიღწეულ წარმატებას და ნუ გავაუფერულებთ იმ მძიმე, მაგრამ ამაღელვებელ და ერთსულოვან გამარჯვებას!", - ნათქვამია განცხადებაში.