„თავისუფალი დემოკრატების“ წევრის ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, მისი გუნდი წარსულის შეფასებასთან დაკავშირებით პოზიციებს არ იცვლის.
როგორც ირაკლი ჩიქოვანმა „პირWელს“ განუცხადა, იგი უგულავას მიმართვას „ნაციონალურ მოძრაობის“ მხრიდან თანამშრომლობის შეთავაზებად არ აღიქვამს.
„ამ განცხადებას არც თანამშრომლობის შეთავაზებას და არც არაფერს დავარქმევ. უბრალოდ ვიტყვი ერთ რამეს - „თავისუფალი დემოკრატები“ წლების განმავლობაში იდგნენ და ახლაც დგანან იქ, სადაც დგანან, თავის იდეოლოგიით, მიზნებით და გეგმებით. ეს გულისხმობს ქვეყნის ინსტიტუციურ განვითარებას და მისი ევროპული მომავლის უზრუნველყოფას. მივიჩნევთ, რომ ის 9 წელიწადი, რაც ჩვენ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გვანახა, ძალიან ჩამოუვარდება იმ სტანდარტებს, რასაც ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ზრუნვა ჰქვია“, - განაცხადა ჩიქოვანმა.
მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობის საკითხს „თავისუფალი დემოკრატები“ საერთოდ არ განიხილავენ, ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას და არც დადგება.
„ჩვენი შეფასება იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდებოდა წარსულის განმავლობაში, ძალიან ცხადად და ღიად გვაქვს დაფიქსირებული. ვთვლით, რომ ეს იყო ის, რამაც გადაგვაწყვეტინა პოლიტიკურად გვებრძოლა და ქვეყანაში ვითარება შეგვეცვალა. აქედან გამომდინარე, ამ ღირებულებებსა და პოზიციას არ ვიცვლით“, - განაცხადა მან.
შეგახსენებთ, რომ გიგი უგულავამ ირაკლი ალასანიასა და „თავისუფალი დემოკრატებისადმი“ მიმართვა გაავრცელა. „როგორც ძველ მეგობარს და ერთ დროს კონკურენტს გთავაზობთ, ნუ ვიდავებთ წარსულზე, რაზეც ვერასდროს შევთანხმდებით, რადგან დღეს ამის დრო უკვე აღარ არის“, - ნათქვამია უგულავას მიმართვაში.